სიმბოლურია, რომ დღეს, 9 აპრილის წინა დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, იწყებს რუსული კანონის განხილვას, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც აფინანსებდა 9 აპრილის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს, გენერალ ლებედს, ახლა ცდილობს საქართველოში მიიღოს კანონი, რომელიც შეაჩერებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, მომავალს დაუკარგავს ქართველ ხალხს, ქვეყანას დააყენებს რუსეთიზაციის შეუქცევად რელსებზე.
„ლელო“ ემსახურება საქართველოს და მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. „ლელო“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს, რომელიც ქართველის ხალხის რეალური ინტერესების დაცვას ემსახურება. სწორედ რუსეთია დღეს საქართველოს მტერი, ასე იყო 9 აპრილის ღამესაც. სწორედ მტრის ინტერესებს ემსახურება ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ასე იქნება ყოველთვის.