ნინო თანდილაშვილი - საქართველოს მთავრობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შესამცირებლად დაფინანსებას ზრდის

ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოებაზე, კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებსა და საზოგადოების რისკებისადმი მედეგობის გაძლიერების საკითხებზე პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის რეგიონული დირექტორი ბარბარა ბონი, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები.

მინისტრის პირველმა მოადგილემ პროგრამის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე, სახელმწიფოს კონტრიბუციაზე და მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

„კლიმატის დრამატული ცვლილებების ფონზე, აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. სახელმწიფოს მხრიდან კონტრიბუცია შთამბეჭდავია; წელს დაფინანსება გაიზარდა და 30 მილიონი ლარი შეადგინა. დაიგეგმა ახალი აქტივობები, მათ შორის, დამატებითი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების შეძენა. სახელმწიფო ბიუჯეტი, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოხმარდება; უკვე აშენდა ფოთის რეგიონული ოფისი, ქუთაისში ახალი ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს. ბოლო წლებში, დასავლეთ საქართველოში, არაერთი ბუნებრივი კატასტროფა მოხდა, ამიტომაც, რეგიონული ოფისების მოწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია. სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში სხვა აქტივობების განხორციელებაც იგეგმება, მათ შორის, გეოლოგიური საფრთხეების მონიტორინგის სისტემის სრულყოფა“,- აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს 79 ახალი სადგური და საგუშაგო დაემატა, შეძენილია 15 აგრომეტეოროლოგიური სადგური, 11 ლოკაციაზე განთავსებულია გეოლოგიური მონიტორინგის სისტემა, კლიმატური საფრთხეების შეფასებისა და მოდელირებისთვის შექმნილია საფრთხეების რუკები და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები, მიმდინარეობს კლიმატური კატასტროფების რისკის საინფორმაციო სისტემის შემუშავება, 15 ლოკაციაზე შენდება წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურა, 11 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში კი, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო კამპანიები და საგანმანათლებლო საქმიანობა ხორციელდება.

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის რეგიონული დირექტორის ბარბარა ბონის განცხადებით, შვეიცარიის მთავრობა მოხარულია, რომ საქართველოში მიმდინარე პროგრამის პროგრესს ხედავს.

„პროექტის წარმატებულად აღსრულების გასაღები კოოპერაციაა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კატასტროფების რისკის შესამცირებლად სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ გაძლიერებას და თანამშრომლების გადამზადებას გააგრძელებს, ჩვენი მხრიდან კი, შვეიცარიის მთავრობა გაზრდის დაფინანსებას“, - აღნიშნა ბარბარა ბონიმ.

ინფორმაციის თანახმად, პროგრამა „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“, რომლის საერთო ბიუჯეტი 74 მილიონო აშშ დოლარია, საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ხორციელდება. შვიდწლიანი პროგრამის მიზანი საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების უშუალო ზემოქმედების შემცირებაა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და შინაგან საქმეთა სამინისტროების და მათი მმართველობის ქვეშ მყოფი უწყებების, ეროვნული უშიშროების საბჭოს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე