ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობას - რამდენიმე თვეში არჩევნებია, რატომ არ შეგიძლიათ, ეს კანონი გაიწვიოთ, არ შემოიტანოთ და ხალხს მისცეთ არჩევანის მშვიდად გაკეთების შესაძლებლობა?! - თქვენ ხართ მთავარი პროვოკატორები, მთავარი ამრევები

რამდენიმე თვეში არჩევნებია, რატომ არ შეგიძლიათ, ეს კანონი გაიწვიოთ, არ შემოიტანოთ და ხალხს მისცეთ არჩევანის მშვიდად გაკეთების შესაძლებლობა?! თქვენ ხართ მთავარი პროვოკატორები, მთავარი ამრევები, თქვენ გინდათ დაპირისპირება, თქვენ ემუქრებით ახალგაზრდებს, თქვენ გინდათ, რომ წყლის ჭავლი მიუშვიროთ - ეს კანონი არც კი უნდა განიხილოთ იმიტომ, რომ ეს არის დაძაბულობის და დაპირისპირების კერა, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი ტყუილი და საზოგადოების გადაგდება გახდა“.

„თქვენი სამარკო ნიშანი, სამწუხაროდ, გახდა ტყუილი და საზოგადოების გადაგდება. 2012 წლის შემდეგ მუდმივად ამას აკეთებთ ივანიშვილის ხელმძღვანელობით: დაჰპირდებით ადამიანებს, „გადააგდებთ“; დაჰპირდებით - მოატყუებთ. იგივე გააკეთეთ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით. ეს კაცი მაინც გამოეცვალათ, რომელმაც თქვა, „რუსული კანონი“ გავიწვიეთ უპირობოდო. ისევ ამ ადამიანს, მდინარაძეს გააკეთებინეთ. ხომ უხერხულია?! ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებთ ადამიანს - მუდმივად ასეთი ტყუილების საუბარი უწევს.

ერთი ადამიანის თმის ღერის ჩამოვარდნადაც არ გვიღირს არანაირი კანონიო. რა შეიცვალა? - ახლა რატომ გიღირთ, რომ ათი ათასობით მშვიდობიან მანიფესტანტს დაუპირისპირდეთ და ეს კანონი ისევ მიიღოთ? რა შეიცვალა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში? ან როგორ შეგიძლიათ ახსნათ, რომ თებერვალში კრემლმა დაავალა იგივე კანონის მიღება საოკუპაციო რეჟიმს და რამდენიმე კვირაში შემოარბენინეთ ეს კანონი? ამას გარდა, საქართველოს პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და აქ უნდა მიიღებოდეს კანონები, რომელიც ემსახურება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას - მაგალითად, დაწიოთ გადასახადები. იმსჯელოთ სხვადასხვა კანონზე, რომელიც მოემსახურება ბიზნესს, ეკონომიკას, შექმნის სამუშაო ადგილებს, ადამიანები არ გაიქცევიან ქვეყნიდან, არ იქნება უკიდურესი გაჭირვება, არ იქნება ამ ქვეყანაში გაძვირებული პროდუქტები. ეს არის მთავარი საზრუნავი. ეს ორგანო, წესით, ხალხს უნდა ემსახურებოდეს. ქალბატონო მაია, რომ არ მოგწონთ, იქნებ თქვენ გამცეთ პასუხი, ვის ემსახურება ეს კანონი. ერთი მოქალაქე, ბენეფიციარი, ოჯახი, რომელსაც ექნება სიკეთე ამ კანონის მიღების შემდეგ. ბუნებაში არ არსებობს ასეთი ადამიანი, სამწუხაროდ. მაგრამ ვის წინააღმდეგაა ეს კანონი, ამასაც გეტყვით - ეს არის ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ. მინდა, იქნებ თქვენც გაიგოთ, რამხელა ცუდ საქმეს აკეთებთ. ეს არის დავალება თქვენ მიმართ. არ არსებობს ცივილიზებული სამყაროს არცერთი ქვეყანა, რომელიც ამ კანონს იწონებს. ყველა მეგობარი ამბობს, რომ ევროკავშირის გზაზე არის შემაფერხებელი. თქვენ ჯიუტად იმეორებთ, რომ არ არის. როგორ? ერთი ქვეყანა ვერ იპოვეთ პარტნიორი - ფრანგმა, პოლონელმა, გერმანელმა, ამერიკელმა - ვერავინ ვერ წაიკითხა. მარტო ზარქუა და მდინარაძე კითხულობს. ეს ხომ არ არის სწორი. ეს არ არის ხალხის მიმართ სწორი დამოკიდებულება. რამდენიმე თვეში არჩევნებია. რატომ არ შეგიძლიათ, ეს კანონი გაიწვიოთ, არ შემოიტანოთ და ხალხს მისცეთ არჩევანის მშვიდად გაკეთების შესაძლებლობა?! თქვენ ხართ მთავარი პროვოკატორები, მთავარი ამრევები, თქვენ გინდათ დაპირისპირება, თქვენ ემუქრებით ახალგაზრდებს, თქვენ გინდათ, რომ წყლის ჭავლი მიუშვიროთ. შემდეგ დასხდებით ტელევიზორებთან პულტით ხელში და მოიფშვნეტთ ხელებს. ეს გინდათ გააკეთოთ? თუ არ გინდათ, ხალხს მიეცით არჩევნებზე მშვიდად გადაწყვეტის შესაძლებლობა. ნუ აპირისპირებთ საზოგადოებას, ხელოვნურად ნუ ძაბავთ ხალხს.

სოციალურ ქსელში ჩემმა მეგობარმა ერთი ძალიან კარგი ახსნა გააკეთა. იქნებ ასე მაინც გაიგოთ, როგორი პროპაგანდისტული დამოკიდებულება გაქვთ ამ თემის მიმართ: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რომ თქვას, რომ სამი კუთხური ითვლება ერთ პენალად, UEFA-მ კი თქვას: თუ ასე გააკეთებთ და ამ წესს მიიღებთ, UEFA-ს წევრი ვერ იქნებით და ჩემპიონატებზე ვერ ითამაშებთ. შემდეგ დადგეს კალაძე და კობიაშვილი და თქვან: ამათმა რა იციან საერთოდ ფეხბურთი, ესენი აზრზე არ არიან, არ გვინდა ასეთი UEFA; ამ წესს მაინც მივიღებთ და სამი კუთხური მაინც იქნება პენალი" - იგივე დამოკიდებულება გაქვთ ევროკავშირთან მიმართებით. უნდა გესმოდეთ, რომ ეს კანონი არც კი უნდა განიხილოთ იმიტომ, რომ ეს არის დაძაბულობის და დაპირისპირების კერა“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ