ანა ნაცვლიშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის წერილზე -  რატომ დამალეთ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეფასება? ეს არის თქვენი გამჭვირვალობის სტანდარტი?

დაიცავს ქართველი ხალხი ამ ენის ღირსებას, რომ ქართულ ენაზე არ დაიწეროს რუსული კანონი, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კანონი არის რუსული, მისი განზრახვა, მისი ამოცანა, მისი შინაარსი, მისი სტრუქტურა და მისი შედეგები ამ ქვეყნისთვის იქნება რუსული და დაუშვებელია მისი მიღება!

„რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქეებმა აღვნიშნეთ დედაენის დღე. მინდა ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მივულოცო ქართველ ხალხს ეს ნამდვილად ისტორიული თარიღი. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მრავლის მთქმელია, რომ ოფიციალურ განცხადებებში, მათ შორის, პარლამენტის ოფიციალურ განცხადებებში, არსად იყო ამ ფაქტის ისტორია და ეს არ არის შემთხვევითი. ეს იყო დღე, როცა ქართველმა ხალხმა დაიცვა ქართული ენა, დაიცვა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი იმისგან, რომ ქართველი ხალხის ოფიციალური ენა არ გამხდარიყო რუსული ენა. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია და ყოველთვის, როცა ამ თარიღს აღვნიშნავთ, ხაზგასასმელია, რომ ქართველმა ხალხმა დაიცვა ეს ენა იმისგან, რომ ქართული არ ჩანაცვლებულიყო რუსულით. ასევე დაიცავს ქართველი ხალხი ამ ენის ღირსებას, რომ ქართულ ენაზე არ დაიწეროს რუსული კანონი.

არ მოგწონთ და ძალიან გაღიზიანებთ ეს ტერმინი, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ტერმინი და აქ მოვისმინე, რომ თქვენ დაარქვითო. ჩვენ კი არ დავარქვით, მთელი ცივილიზებული მსოფლიო ასე გეუბნებათ. გამოგრჩათ, ალბათ, და შეგახსენებთ, რომ მაგალითად, ევროპის სახელმწიფოების პარლამენტების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილში სწორედ მოხსენიებულია ეს კანონი, როგორც რუსული კანონი და შეფასებულია თქვენ მიერ მისი კვლავ დაინიცირება, როგორც ნაბიჯი ქართველი ხალხის მისწრაფებების და მომავლის წინააღმდეგ.

რუსული კანონი დაარქვა ამ კანონს არაერთმა ევროპარლამენტარმა იმიტომ, რომ მათ ზუსტად იციან, რომ ასეთი კანონი არ არის ევროპაში და ზუსტად იციან, რომ ასეთი კანონი არის რუსეთში. იმავეს გეუბნებათ ეუთოს მიერ მომზადებული სამართლებრივი დასკვნა, რომელიც მიგითითებთ, რომ მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებულ კანონებთან და რომ ეს არის რუსული კანონი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილზე, რომელიც, მისი თქმით, შალვა პაპუაშვილმა არ გაასაჯაროვა.

„ასევე, მინდა მოგმართოთ, ბატონო შალვა, სრულიად შემთხვევით ჩემთვის ცნობილი გახდა ოფიციალური დოკუმენტის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოგეგზავნათ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხრიდან, სადაც შეფასებულია ეს კანონი და სადაც მითითებაა, რომ ეს კანონი არამხოლოდ ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება, სადაც გვინდა, რომ გავწევრიანდეთ, არამედ სადაც გაწევრიანებულები ვართ, ევროსაბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებსაც ეწინააღმდეგება და არღვევს. მითითებულია სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც პუტინის რუსულ კანონს შეეხებოდა. შემთხვევითი არ არის მითითება სწორედ რუსულ კანონთან მიმართებით გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. ამ წერილის ბოლოს ვკითხულობთ თხოვნას და მომართვას თქვენი მისამართით, რომ ეს დოკუმენტი მიგეწოდებინათ და გაგეცნოთ პარლამენტის თითოეული წევრისთვის. მიკვირს ძალიან, გამჭვირვალობის კანონზე საუბრობთ და ინფორმაციას მალავთ ოფიციალური შეფასების შესახებ, რომელიც მოგივიდათ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს და არა როგორც პარტმუშაკს. უნდა გაგეცნოთ ის როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ასევე საკომიტეტო განხილვაზეც უნდა გამოგეტანათ ეს შეფასება, მოგვსვლოდა ჩვენ, თითოეულ დეპუტატს. რატომ დამალეთ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეფასება? ეს არის თქვენი გამჭვირვალობის სტანდარტი? დიახ, ეს კანონი არის რუსული, მისი განზრახვა, მისი ამოცანა, მისი შინაარსი, მისი სტრუქტურა და მისი შედეგები ამ ქვეყნისთვის იქნება რუსული და ამიტომ დაუშვებელია მისი მიღება! მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს. მოქალაქენო, გთხოვთ, არ დაიღალოთ, დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან! არა, რუსულ კანონს!“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიციონერ დეპუტატს ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს წერილი და მისი პასუხიც გასაჯაროებულია.

„ჩემი გამჭვირვალობის სტანდარტი შეგიძლიათ ნახოთ იმავე ტელეფონში, სადაც იმყოფებოდით და შეხვიდეთ „ფეისბუკზე“, ჩემს "ფეიჯზე". ნახოთ როგორც წერილი და ასევე, ჩემი პასუხიც კომისიის მიმართ. ასე რომ, წერილიც მიღებულია, პასუხიც გაცემულია და თქვენც გაგეცნობათ ეს წერილიც და პასუხიც! საჯაროა, შეგიძლიათ ნახოთ!“ - მიმართა პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ