12-წლიანი მმართველობის ბოლოს ივანიშვილი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვისთვის ახალგაზრდებს უპირისპირდება - ივანიშვილის პარტიის უკანონო მითითებებით უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს, ჩიხებში და ქუჩებში სათითაოდ დასდევდნენ ახალგაზრდებს, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ გოგოებს - ეს არის მისი რეალური სახე! – ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავა სახალხო დამცველს მოუწოდებს, გააკეთოს განცხადება და აღწეროს ის არაპროპორციული ძალის გამოყენება, რასაც 16 აპრილს ჰქონდა ადგილი.
მისივე თქმით, აქციის დარბევის კადრებს საერთაშორისო მეგობრებს მიაწვდიან, რათა იცოდნენ, “რა ფასი უჯდებათ საქართველოს ახალგაზრდებს ევროპული მომავლის დაცვა“.
“გუშინ მამუკა მდინარაძისგან მოვისმინეთ კიდევ ერთი ტყუილი განხილვის დასრულების შემდეგ, რომ დარბევა არ იქნებოდა და არც ერთ ახალგაზრდას არაფერი დაუშავდებოდა იმისთვის, რომ ისინი პოლიციის კორდონს პარლამენტის შენობიდან გაეპარებინა. ეს იყო მორიგი სამარცხვინო ტყუილი მდინარაძის და ივანიშვილის პარტიის წევრებისგან, რადგან თავად ჩიტაძის ქუჩაზე ვიდექი, როდესაც პირველი დარბევა დაიწყო, როდესაც ე.წ. წიწაკის სპრეით მოგვწამლეს, შემდეგ გაგრძელდა დარბევა - უამრავი ახალგაზრდა იყო ნაცემი. მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით ადამიანებს, რადგან არ ვიცოდით მათი ადგილსამყოფელი.
საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა ნახოს ივანიშვილის რეალური სახე, რომელიც 12-წლიანი მმართველობის ბოლოს ახალგაზრდებს უპირისპირდება იმისთვის, რომ ისინი საკუთარ დებთან და ძმებთან, თანაკურსელებთან, თანატოლებთან, მეგობრებთან ერთად მშვიდობიანად იცავენ ჩვენი ქვეყნის და საკუთარ ევროპულ მომავალს. ივანიშვილის პარტიის უკანონო მითითებებით უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს, ჩიხებში და ქუჩებში სათითაოდ დასდევდნენ ახალგაზრდებს, დასდევდნენ იარაღით, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ გოგოებს, ეს არის ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის ბოლო და ეს არის მისი რეალური სახე.
რაც მთავარია, ჩვენ მოვუწოდებთ ივანიშვილის პარტიას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს რუსული კანონი, შეჩერდეს რუსული კანონის განხილვა - დღეს, ნაცვლად იმისა, რომ ეს მავნებლური და მოღალატეობრივი კანონი განიხილოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ჩამოვიდნენ და შემოგვიერთდნენ აქციაზე, ახალგაზრდებს ჩახედონ თვალებში და დაჰპირდნენ, რომ ექვსი თვის მანძილზე რაც მათ დარჩენიათ, აღარასოდეს აღარ შემოაბრუნებენ რუსულ კანონს ქართულ პარლამენტში. მათ ჩახედონ თვალებში და მათ წინაშე აიღონ ეს პირობა. ასევე მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.