თეონა აქუბარდია უმრავლესობას - თქვენ, თქვენი შვილების მომავალი მოწყობილი გაქვთ და სხვისი შვილების მომავალს უპირისპირდებით

თქვენ, თქვენი შვილების მომავალი მოწყობილი გაქვთ და სხვისი შვილების მომავალს უპირისპირდებით - თურმე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა არ იცის, შარლ მიშელმა არ იცის, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა არ იციან, გერმანიის კანცლერმა არ იცის და იცის მხოლოდ მამუკა მდინარაძემ და “ქართულმა ოცნებამ“! - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა.

როგორც აქუბარდიამ განაცხადა, მმართველი გუნდის რეალური მიზანი ფინანსური გამჭვირვალობა რომ ყოფილიყო, პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების ნაცვლად, ცვლილებებს “გრანტების შესახებ“ კანონში შეიტანდნენ, რითაც შესაბამისი შედეგი დადგებოდა.

აქუბარდიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის რეალური მიზანი დასავლეთთან დაპირისპირებაა.

„იმ მოცემულობაში, როცა ამ ქვეყანამ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ 32 წელი იბრძოლა, როცა 2008 წელს ჩვენი სამხედროები ამ ქვეყნის სუვერენულ არჩევანს იცავდნენ, თქვენ რუსულ საქმეს აკეთებთ არა ტანკით, არამედ რუსული კანონით! თქვენ ამაზე გაქვთ ხელი მოწერილი. რა საჭიროა კანონი, რომელიც ასე ჰყოფს, ასე აპირისპირებს საზოგადოებას ერთმანეთთან და საფრთხეს ქმნის როგორც დემოკრატიისთვის, ასევე ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში წევრობისთვის.

ვის სჭირდება კანონი, რომელზეც ხალხი ამბობს არა რუსულ კანონს! ვის სჭირდება კანონი, რომელზეც ჩვენი მეგობრები, რომელსაც თქვენ “უცხო ძალას“ ეძახით, გვეუბნებიან, რომ ვერ შეხვალთ ნატოსა და ევროკავშირში“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტის პლენარული სხდომა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვით განახლდა. განხილვა პირველი მოსმენით, ხმაურით მიმდინარეობს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პოლიტიკლური გამოსვლების შემდეგ, კენჭისყრა ჩატარდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება