გიგი წერეთელი - CDI-მ მიიღო სპეციალური რეზოლუცია, სადაც მკაფიოდაა გაცხადებული, რომ ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს ეს რუსული სტილის კანონი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა, მაროკოში CDI-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ორგანიზაციამ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე რეზოლუცია მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, CDI-ის რეზოლუცია არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოწოდება და მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ შეაჩერონ და საერთოდ მოიხსნან დღის წესრიგიდან აღნიშნული კანონის განხილვა.

მისი თქმით, ეს პროვოკაციული ინიციატივა ხელისუფლების მხრიდან აზიანებს საქართველოს იმიჯს და ეროვნულ ინტერესს, აღრმავებს დაპირისპირებას საზოგადოებაში, დისტანცირებას ახდენს დასავლეთისგან და მხოლოდ რუსეთის გავლენას აძლიერებს.

როგორც წერეთელი აცხადებს, ეს ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ და ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების პროცესში, რადგან ეს კანონი შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან და იმ მიზნებთან, რომელიც საქართველოს აქვს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების პროვოკაციული ნაბიჯების გამო საქართველო ახლა მხოლოდ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება და ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონით თუ ვინმეა დღეს კმაყოფილი, ეს არის რუსეთი. ამ ნაბიჯმა გამოიწვია დიდი გულისწყრომა ჩვენს საზოგადოებაში, მის დიდ ნაწილში , განსაკუთრებით ახალგაზრდებში და კიდევ უფრო გააღრმავა პოლარიზაცია.

პარლამენტში გამართული ხელჩართული ბრძოლების სცენები, რა თქმა უნდა, ძალიან აზარალებს ქვეყნის იმიჯს და და კითხვის ნიშანს აჩენს ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე. ეს ყველაფერი არის ჰიბრიდული ომის ნაწილი და ყველაფერი ის, რასაც რუსეთი შეიძლება გეგმავდეს საქართველოს წინააღმდეგ.

შესაბამისად, გასაკვირი ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნის მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ ლიდერების რეაქციები, ვინც ნამდვილად მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიას, მის ევროპულ მომავალსა და რუსეთის გავლენისგან თავის დახსნას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, CDI არის ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელშიც 100-ზე მეტი პარტიაა 80-ზე მეტი ქვეყნიდან გაერთიანებული, მათ შორის, როგორც ევროპის, ასევე აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის მმართველი თუ ოპოზიციური პარტიები.

„ამ ორგანიზაციამ გენერალურ ასამბლეაზე მიიღო სპეციალური რეზოლუცია საქართველოს კანონთან დაკავშირებით, სადაც არის ძალიან მკაფიო მოწოდება, რომ ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს ეს რუსული სტილის კანონი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციასა და დემოკრატიის წინსვლას. ამის მაგივრად ის უნდა იყოს ორიენტირებული რეფორმების განხორციელებაზე, რეკომენდაციების შესრულებაზე, დემოკრატიის გაძლიერებაზე ,თავისუფალ არჩევნებზე, ადამიანის უფლებათა დაცვასა და სასამართლო რეფორმაზე“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს