კახა კალაძე - ვიბრძვით იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება - ჩემი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რა თქმა უნდა, მინდა ევროპა

ჩემი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რა თქმა უნდა, მინდა ევროპა, ევროპული მომავალი და პირველ რიგში, ეს მინდა ამ ქვეყანაში - საქართველოში, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი, რომელშიც ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ევროპული საბჭოს სხდომაზე განხილვას ითხოვს.

კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ფეხქვეშ თელავდა იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ უფრთხილდება, წინა ხელისუფლებას „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ, რაც მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტია.

„ევროპა რატომ გვინდა? - ეს არის ის ღირებულებები, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაზე დგას ეს ყველაფერი? - სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლება. ეს ყველაფერი ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ ხნის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ყველა ეს მიმართულება დგას უმაღლეს საფეხურზე. ჩვენ გვახსოვს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ის რადიკალური დაჯგუფებები იყვნენ ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ფეხქვეშ იყო გათელილი. მაშინ გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის „დემოკრატიის შუქურა“. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც მიუღებელია ქართველისთვის.

მე ჩემი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რა თქმა უნდა, მინდა ევროპა, ევროპული მომავალი და პირველ რიგში, ეს მინდა ამ ქვეყანაში - საქართველოში. ის, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, ეს ხომ ჩვენი წინაპრების დამსახურებაა და ამ ყველაფერს ჭირდება შენარჩუნება. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ამ ყველაფრით მინდა მე ევროპა და ამ ყველაფრით ვუყურებ მე ევროპულ მომავალს და ხვალინდელ საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ განაპირობებს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.

„აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ კავშირში არაა იმასთან, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანდება თუ არ გაწევრიანდება. ჩვენ ვისმენთ ამ განცხადებებს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვისმინეთ ერთი არგუმენტიც კი, რატომ არის ცუდი და რატომ წარმოადგენს პრობლემას კანონი, რომელიც დაკავშირებულია იმ ევროპულ ღირებულებასთან, რასაც გამჭვირვალობა ჰქვია. რატომ არის ცუდი გამჭვირვალობა?! პირიქით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც დღეს ყველაზე მეტს ყვირიან, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ ეს ყველაფერი, დეკლარირება გააკეთონ, საიდან და ვისგან ფინანსდებიან, მაგრამ აქ არის მეორე თემა, რომელიც მათ აწუხებთ - იმ დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსები მოდის ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა რევოლუციური გადატრიალება, ექსტრემიზმი, პოლარიზება და სიძულვილის წახალისება. ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ