7 ბიზნეს ასოციაცია - მოვუწოდებთ პარლამენტს, თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისგან, რაც კიდევ უფრო გაზრდის პოლარიზებას ჩვენს საზოგადოებაში და დააზიანებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას

მოვუწოდებთ პარლამენტს, გულდასმით აწონოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებით გამოწვეული შედეგები და თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისგან, რაც კიდევ უფრო გაზრდის პოლარიზებას ჩვენს საზოგადოებაში და დააზიანებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას, - ამის შესახებ 7 ბიზნეს ასოციაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბიზნეს ასოციაციები იზიარებს შეშფოთებას, რომ აღნიშნული კანონი, ძალაში შესვლის შემდგომ, გააღვივებს ეჭვსა და უნდობლობას ამ ორგანიზაციების მიმართ და მათ სტიგმატიზებას მოახდენს, რაც მათ საქმიანობას შეაფერხებს.

„ჩვენ, ქვემოთ ჩამოთვლილი ბიზნეს ასოციაციები ვადასტურებთ ბიზნეს სექტორის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის, კეთილდღეობისა და განვითარებისათვის.

კიდევ ერთხელ მივესალმებით გასული წლის დეკემბერში მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და აღვნიშნავთ ყველა მხარის მიერ ამ მიზნისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

ხაზს ვუსვამთ, ამ გადაწყვეტილების სრულად გამოყენების აუცილებლობას, ერთობლივი მუშაობის გზით დარჩენილი საკითხების გადაჭრის გზით, რათა ახლო მომავალში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

გვჯერა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობის დაჩქარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მიმდინარე საგანგაშო განვითარებებისა და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.

ვაცნობიერებთ იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები ასრულებდნენ საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში, 1991 წლიდან, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ეს დახმარება ხშირად უმნიშვნელოვანესი იყო და გაწეულ იქნა, როგორც მთავრობის, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება თანამედროვე დემოკრატიული და პლურალისტული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მოქალაქეებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდებაში.

ისინი ასევე ხელს უწყობენ პოლიტიკის გაუმჯობესებას მოქალაქეთა საკეთილდღეოდ და საკვანძო როლი აქვთ კონტროლისა და ბალანსის სისტემაში. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ დონორებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სამთავრობო ინსტიტუტების მეშვეობით, გასწიეს უზარმაზარი სამუშაო ქვეყნის ინფრასტრუქტურის, განათლების ხარისხის, მცირე და საშუალო მეწარმეთა გაძლიერების, მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობის და ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი სეგმენტების, როგორიცაა ქალები, ბავშვები და შშმ პირების დახმარებისათვის.

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიცირებას საქართველოს პარლამენტში, რომელიც გაწვეულ იქნა გასულ წელს.

ვითვალისწინებთ ჩვენი უახლოესი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც ჩვენი სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გარდაქმნის მტკიცე მხარდამჭერები არიან და რომლებიც აცხადებენ, რომ მოცემული კანონპროექტის მიღება შეუსაბამოა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან და წინააღმდეგობაში მოვა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მცდელობებთან.

არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სპეციალური, დამატებითი რეგისტრაციისა და საგანგებო რეესტრის შემოღების საჭიროებას, სადაც მათ მიენიჭებათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის იარლიყი.

ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ აღნიშნული კანონი, ძალაში შესვლის შემდგომ, გააღვივებს ეჭვსა და უნდობლობას ამ ორგანიზაციების მიმართ და მოახდენს მათ სტიგმატიზებას, რაც შეაფერხებს მათ საქმიანობას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებთ, მოვუწოდებთ პარლამენტს, გულდასმით აწონოს ამ კანონპროექტის მიღებით გამოწვეული შედეგები და თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისგან, რაც კიდევ უფრო გაზრდის პოლარიზებას ჩვენს საზოგადოებაში და დააზიანებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადება გაკეთდა შემდეგი ორგანიზაციების სახელით:

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC);

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham);

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება | DWV;

საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა (CCIFG);

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია;

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია;

საქართველოს გადამხდელთა კავშირი.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 13.03.2025
რამაზ საყვარელიძე - სანამ ძველ სახეებს, იდეებს და საქციელს არ შეცვლიან, ოპოზიციისკენ არ წავა საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია „ნაცმოძრაობა, ეს კი უმეტესობაა
ექსკლუზიური შეთავაზება ევროკრედიტის პირველ მომხმარებლებს
საწყობის ეფექტიანობის საიდუმლო - თანამედროვე საპალეტე თაროები
„ჯეოსთილი“ - ხარისხისა და მდგრადი განვითარების 15 წელი საქართველოში