თინა ბოკუჩავა გომელაურს - თქვენი სახით აქ არ დგას შს მინისტრი, აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერგამოსული რუსი ოლიგარქის პირადი მცველი, რომელიც მზადაა ახალგაზრდების წინააღმდეგ პოლიციის ხელი აღმართოს

ბატონო ვახტანგ, დღეს საქართველოს წინაშე თქვენი სახით არ დგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, დღეს თქვენი სახით აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერგამოსული რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, რომელიც მზად არის, „რუსული კანონის“ დასაცავად ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტერესის წინააღმდეგ ქართველი ხალხის და ახალგაზრდების წინააღმდეგ აღმართოს პოლიციის ხელი, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსულ „ომონს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, მარადიულია ამ ქვეყნის სწრაფვა ევროპისკენ, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.

„ბატონო ვახტანგ, დღეს, საქართველოს პარლამენტში მოწვეული ხართ ინტერპელაციის წესით და ჩვენ დღეს უნდა გვესაუბრა ფემიციდის უმძიმეს პრობლემაზე, რომელიც მართლა ძალიან საგანგაშოა, მაგრამ დღეს არ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ თემაზე და არ შევეხოთ „რუსული კანონის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლის მიღებითაც ცდილობთ სწორედ ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სწორედ ის სამოქალაქო ორგანიზაციები შეზღუდოთ, რომლებიც ამ ქვეყანაში ქალთა უფლებების დასაცავად იბრძვიან, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გამოსავლენად და იბრძვიან ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ შემცირდეს ქალთა მიმართ ძალადობა. მაშინ, როდესაც სახელმწიფო, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ხშირ შემთხვევაში სრულიად უმოქმედოა და მაშინ, როდესაც, მათ შორის პარლამენტის სპიკერი პაპუაშვილი, რომელიც თავად არ ერიდება ქალთა წინააღმდეგ ძალადობას, ისევე, როგორც გენდერული საბჭო წილოსანის თავმჯდომარეობით, რომელიც არასოდეს არ აკეთებს შესაბამის განცხადებებს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე. პარლამენტი, რომელიც დუმს და რომელიც სრულიად უმოქმედოა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. სწორედ ამ კონტექსტში აუცილებელია, რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ იმ მოვლენებზე, რაც საზოგადოებამ იხილა „რუსული კანონის“ პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იმიტომ, რომ დიახ, ეს მათ შორის, ქალთა უფლებებს ეხება.

ბატონო ვახტანგ, დღეს საქართველოს წინაშე თქვენი სახით არ დგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, დღეს თქვენი სახით აქ დგას ყოფილი პროფესიული როლიდან ვერ გამოსული რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი, რომელიც მზად არის, „რუსული კანონის“ დასაცავად ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტერესის წინააღმდეგ ქართველი ხალხის და ახალგაზრდების წინააღმდეგ აღმართოს პოლიციის ხელი, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსულ „ომონს“. დიახ, ეს ადამიანი დგას დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე.

ივანიშვილის პარტიის დეპუტაციას დღეს აქ ძალიან მოგხვდათ გულზე, როდესაც შეგახსენეთ, რამ გამოიწვია პირველი ძალადობა ახალგაზრდების წინააღმდეგ 16 აპრილის ღამეს. პლენარული სხდომის დასრულებისას, თქვენი მალულად და მოღალატეობრივად პარლამენტის შენობიდან გაპარების აუცილებლობამ. აი, ამან გამოიწვია პირველი ძალადობა ახალგაზრდების წინააღმდეგ. ჩემი შეფასება არ მოგწონთ? ბატონებო და ქალბატონებო ივანიშვილის პარტიიდან, მაშინ წაგიკითხავთ ერთ-ერთი სპორტული და სრულიად აპოლიტიკური კომენტატორის შეფასებას, რომელიც წერს: „83 მონა მივიდა პარლამენტში. არაფერია ამ ცხოვრებაში მუდმივი არც თანამდებობა, არც პარლამენტში ყოფნა მითუმეტეს, ბატონებს სჩვევიათ მონების მარტივად მოშორება. გავა დრო და უსახო მონები რამენაირად გაძვრებიან სადმე, მაგრამ სახიან და სახელიან მონებს ძალიან გაგიჭირდებათ საზოგადოების აქეთ ჩვეულებრივ, უძალაუფლებო ნაწილში ცხოვრება“. ეს არის სრულიად აპოლიტიკური სპორტული კომენტატორის შეფასება თქვენს შესახებ.

მე კი მინდა იცოდეთ თითოეულმა თქვენგანმა, 83-ვე ივანიშვილის პარტიის წევრმა, ვინც ხმა მისცა „რუსულ კანონს“, თქვენც ბატონო ვახტანგ, როგორც ივანიშვილის მსახური და რაც მთავარია თავად ბიძინა ივანიშვილმა, რომ თქვენი დროებითი ძალაუფლებისგან განსხვავებით, იმ ადამიანების ძალაუფლება, რომლებიც რუსთაველზე დგანან და რომლებიც იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, მათი ძალაუფლება, ქართველი ხალხის ძალაუფლება მარადიულია, მარადიულია ამ ქვეყნის სწრაფვა ევროპისკენ, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია