თბილისში, ქალთა მარში - „ქალები ვირჩევთ ევროპას“ გაიმართა

„ქალებთან ფრთხილად!“, „ქალები ვირჩევთ ევროპას“, „არა რუსულ“ კანონს!“ „კვოტები დააბრუნეთ, ფარჩაკებო“ - ამ მოწოდებებით, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით ქალთა მარში - „ქალები ვირჩევთ ევროპას“ გაიმართა.

მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა.

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან მარშის ორგანიზატორები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხალხი ითხოვს "არა რუსულ კანონს", არამედ, ევროპას, ხელისუფლება კი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას უპირისპირდება, დასრულდება.

"კიდევ ერთხელ, საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანად, ერთად გამოდიან ქუჩაში და ეძახიან ხელისუფლებას, რომ მოვიდეს და დაელაპარაკოს, მაგრამ ვერავინ ბედავს რომ მოვიდეს და დაელაპარაკოს. აქ არის ხალხი შეუიარაღებელი, მშვიდობიანი, ქალები და ბავშვები. ხალხი ამბობს "არა რუსულ კანონს!", ხელისუფლება კი არის შემალული და დადის დაცვით. ეს არის რეალობა აქ არის საქართველო და ითხოვს "არა რუსულ კანონს!", არამედ ევროპას. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც დაუპირისპირდება საკუთარი ხალხის ნებას, დასრულდება და ეს მოხდება არჩევნებზე აუცილებლად", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიცია ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებს.

"შემოვუერთდი ქალთა მარშს რუსული კანონის წინააღმდეგ. ყოველდღიურად არის საპროტესტო აქციები იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის, რომ ეს კანონი არის ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ვიცავთ ქვეყნის ევროპულ მომავალს, მათ შორის, პარლამენტშიც, როდესაც მოხდება "რუსული კანონის" მეორე მოსმენით განხილვა. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება შეისმენს საქართველოს მოსახლეობის ხმას, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან რუსთაველის გამზირზე. ჩვენც, პარლამენტს წევრები ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

როგორც აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ განაცხადა, ქალებს აქვთ დიდი ძალა შეეწინააღმდეგონ ხელისუფლებას და უთხრან "არა რუსულ კანონს".

„მთავარი სათქმელი არის „არა რუსულ კანონს!“ იმიტომ, რომ ეს კანონი იქნება ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ქართველ ქალებს, რომლებიც ვართ დედები, დები თუ შვილები, არ გვინდა, რომ ჩვენი შვილების ევროპულ მომავალს რაიმე საფრთხე დაემუქროს. შესაბამისად, გამოვედით იმისთვის, რომ პარლამენტს შევასმენინოთ, ეს კანონი არ მიიღოს. ქალები არის ამ ქვეყნის ძალა, რომლებიც ძალიან დიდ შრომას სწევენ საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისთვის, დემოკრატიული გაძლიერებისთვის. ქალებს აქვთ დიდი ძალა შეეწინააღმდეგონ ამ კანონპროექტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაიგონოს ქალების, ახალგაზრდების და სრულიად ქართველი ერის ხმა ამ კანონპროექტის წინააღმდეგ“, - განაცხადა ქალთა მარშის მონაწილემ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს