რასა იუკნევიჩიენე - ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლის მარიონეტს სულ უფრო მეტად ემსგავსება

ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლის მარიონეტს სულ უფრო მეტად ემსგავსება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში, ევროპარლამენტარების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიმედოვნებ, რომ ჩემს სიცოცხლეში, აქ ქართველ წარმომადგენლებს, როგორც ევროპარლამენტის წევრებს, ვიხილავთ. ამის იმედი მაქვს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.

მე სამი გზავნილი მაქვს:

პირველი - საქართველოსთვის და ქართველებისთვის. თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაშინ საქართველოს დებიძინიზაციის კანონები სჭირდება და არა რუსული უცხოური აგენტების კანონი. ეს ქვეყნის კრემლის აგენტებისგან გაწმენდას ხელს შეუწყობს და არა სხვა აგენტებისგან, ცრუ აგენტებისგან. მე სრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც უცხოელი აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებენ, რადგან ეს არის რუსეთისკენ გზა და არა ევროკავშირისკენ.

მეორე - ქართული ოპოზიციისთვის და მთელი საზოგადოებისთვის. მათ ევროკავშირისკენ ძალიან მკაფიო მისწრაფებები აქვთ. თქვენი ძალისხმევა უნდა გააერთიანოთ, ეს მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ მე მსურს რაიმე გასწავლოთ ან გითხრათ ის, რაც თქვენ თვითონაც კარგად იცით, არამედ, ეს მართლაც ეგზისტენციალური დროა რეგიონისთვის, ქვეყნისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ქართველებზე მეტად ქართველი სხვა ვერავინ იქნება.

მესამე - უფრო ზოგადად. ჩვენ ვნახეთ, რომ გასულ თვესა და გასულ კვირას კრემლი გააქტიურდა. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე გზავნილებს ვიღებთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. ეს არის შოკისმომგვრელი სიახლე და რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ვინც თვალყურს ადევნებს საქართველოში არსებულ ვითარებას ეს ახალი არ არის, მაგრამ იგი ღია გზავნილია საქართველოდან, მმართველი პარტიიდან. ეს არის ზუსტად ის, რაც მოლდოვის ოპოზიციისგან გვესმის მოსკოვში მათი შეკრებებიდან, რაც მათ გასულ კვირას უკვე გააკეთეს. ჩვენ ვხედავთ კრემლის მიერ გატარებულ მსგავს ზომებს ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ყირგიზეთი, სადაც მათ მსგავსი კანონის მიღება სურთ. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლის მარიონეტს სულ უფრო მეტად ემსგავსება. მე ასეთი სიტყვების თქმის არ მეშინია, რადგან დღეს ის დროა, რომ საკუთარი თავი ძალიან მკაფიოდ გამოვხატოთ. ეს არის ისტორიული დრო არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ აქ ჩვენთვისაც. ჩვენ ვხედავთ, როგორ აქტიურობს კრემლი ევროპარლამენტის არჩევნების წინ და ხანდახან იგივე გზავნილები აქაც გვესმის. ასე რომ, ვფიქრობ, უნდა დავინახოთ ის მკაფიო კრიტერიუმები, თუ რას ნიშნავს პრორუსული ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკა ამა თუ იმ ქვეყანაში, საქართველოშიც. ჩემი ბოლო გზავნილი ძალიან ცნობილი ამერიკული ანდაზის ციტირებაა: „თუ იხვივით დადის და იხვივით ლაპარაკობს, ალბათ იხვია“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტარებმა ბრიფინგი პარტია "ახალის" ლიდერ ნიკა გვარამიასთან ერთად გამართეს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს