რეალურად, ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს NGO-ების გამჭვირვალობას.
„არასამთავრობოების გამჭვირვალობა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული. ინფორმირებული საზოგადოება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მყარად იყოს დაცული. ეს ძალიან კარგად აქვს საზოგადოებას გააზრებული. საზოგადოებას უნდა მეტი ინფორმაცია NGO-ების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მათ შორის იმისთვის, რომ მოხდეს ისეთი მოვლენების პრევენცია, რაც 2020, 2021 -2022 წწ-ში იყო. შესაბამისად, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს, მითუმეტეს, მთელი ამ დროის განმავლობაში ვერავინ ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა ამ კანონის წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ევროპელი პარტნიორების განცხადებებს, ირაკლი კობახიძის თქმით, არასამთავრობოებს დაფინანსების გამჭვირვალობის ეშინიათ.
„როდესაც საუბარია ევროპული ინსტიტუტების განცხადებებზე, გვეკითხებიან ხოლმე, რატომ ვერ დაარწმუნეთ?! შეგახსენებთ, ვიდრე ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ ეს განცხადებები არ უნდა გაეკეთებინათ, მანამდე 1 წელი ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ ფინანსები უნდა გაეხადათ გამჭვირვალე. არ უნდათ, ეშინიათ დაფინანსების გამჭვირვალობის. ეს არის რეალურად მთავარი მიზეზი, რატომაც კეთდება ის განცხადებები, რომელიც სამწუხაროდ, კეთდება. როგორ შეიძლება რაიმე არგუმენტი გქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ NGO-მ წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინოს წლიური დეკლარაცია. ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, როდესაც ასეთ პირობებში მაინც კეთდება განცხადებები, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას ძალიან არ უნდა გამჭვირვალობა.
„ჩვენ არ გვინდა განვითარდეს ქვეყანაში პროცესები ისე, რომელიც ვითარდებოდა 2001-2022 წწ-ში. გახსოვთ, მაშინ ყოფილი 2 ელჩი ძალიან მძიმე პროცესებს ჩაუდგა სათავეში, ორჯერ დააყენეს რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში NGO-ები, იყო სხვა პროცესები. არის ათასგვარი მანკიერი პროპაგანდა, რომელშიც არიან ჩართული NGO-ები, მათ შორის ნარკოტიკების პროპაგანდის ჩათვლით პირდაპირ იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები ჩართული. ამაზე ინფორმაცია საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, ვინ აფინანსებს ასეთ არასწორ ქმედებებს“, - განაცხადა კობახიძემ.