ნოდარ ხარშილაძე - ივანიშვილმა დაიბარა „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის კობახიძე და უთხრა, რომ კანონი დასაძრავია - მას სჯერა, რომ ამერიკელებთან ურთიერთობა არასამთავრობოების, განსაკუთრებით, „ვოჩდოგების“ რეპორტების გამო გაუფუჭდა

ბიძინა ივანიშვილი რომ დათანხმდა მიტინგზე გამოსვლას, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ რთულად აქვს საქმე, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ მას „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად ცალკე რეიტინგი აქვს.

„29 აპრილს, თბილისში იქნება მუშათა და მშრომელთა შეკრება ლენინის მოედანზე და ბევრ ხალხს ჩამოიყვანენ, სადაც გამოვა ჩვენი უმაღლესი ლიდერი და დაგმობს დასავლურ კაპიტალიზმს და მის ლაქიებს. ეს იქნება სახალხო არტისტების გამოსვლა და წაიკითხავენ რეგიონებიდან ახალგაზრდების მხარდაჭერის ტექსტებს. პიონერი რომ ვიყავი, ის მახსენდება.

რაც მე მახსოვს, ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს ხალხთან ურთიერთობა, განსაკუთრებით ფართო მასებთან. ის რომ დათანხმდა მიტინგზე გამოსვლაზე, ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ რთულად აქვს საქმე. მას აქვს იმის იმედი, რომ ცალკე რეიტინგი აქვს, მაგრამ ეს ზღაპარია, აღარ აქვს. შეიძლება 2011-2016 წლებში ქონდა, მაგრამ დღეს რაც „ქართული ოცნების“ შეცდომებია, უდრის ბიძინა ივანიშვილს. შეიძლება მას ეს ილუზია ჰქონდეს და ეს იქნება ფიასკო“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ნოდარ ხარშილაძის განმარტებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა შედგა, სადაც მან პირდაპირ მითითება მისცა, რომ „უცხოური გალენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიეღოთ.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ მას ამერიკელებთან ურთიერთობა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაუფუჭეს.

„როგორც მე გავიგე, ბიძინა ივანიშვილმა დაიბარა „ქართული ოცნების“ წევრები ოფისში, მათ შორის ირაკლი კობახიძე და უთხრა, რომ ეს კანონი არის დასაძრავი. რაზეც, როგორც მე მითხრეს, კობახიძემ უთხრა, რომ არჩევნებისთვის დაგვაზიანებს. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის „ფილოსოფია“ არის შემდეგი: ბიძინა ივანიშვილს ორი დავა აქვს „კრედიტ-სვისთან“. დადებული ფული ანგარიშზე და არ აძლევენ, ასეულობით მილიონზეა ლაპარაკი. მე როგორც ვიცი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს არ იყო „კრედიტ-სვისის“ ინიციატივა და ეს იყო ამერიკელების ინიციატივა, როცა მას ეს ფული დაუბლოკეს. გახსოვთ ის წერილი, სადაც თქვა, რომ დე ფაქტო სანქციების ქვეშ ვარო? ასევე მას სჯერა, რომ ამერიკელებთან ურთიერთობა გაუფუჭდა არასამთავრობოების და განსაკუთრებით „ვოჩდოგების“ მიერ მიწოდებული რეპორტების გამო. შესაბამისად, ის ამბობს ორ რამეს: „არასამთავრობოები არიან დასასუსტებელი, რადგან საქმე გამიფუჭეს ამერიკელებთან“ და მეორე, „ჩვენ მაინც ვერ დავლაგდებით ევროკავშირთან“, რადგან არჩევნების წინ უნდა მოვიდეს დასკვნა და 9 პუნქტის შემსრულებლები არ არიან, ეს დასკვნა მაინც ნეგატიური იქნება. „ამიტომ ჯობია ახლა, ვიდრე არჩევნებამდე 3 კვირით ადრე უფრო დიდი დარტყმა მივიღოთ“. როგორც თვითონ თქვა, „დავიწყოთ ეროვნულობის იდეა, მივიღოთ ეს კანონი და „ენჯეოები“ მივპრესოთ“. ამ შეხვედრაზე რუსეთზე ლაპარაკი არ ყოფილა“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა