რუსთავის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაური იყო - „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაური იყო. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს მიმართეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი „ნაცებთან“ ერთად გამოუცხადა.

„ნაცებთან“ ერთად უწყობთ თუ არა იმპიჩმენტს საკრებულოს თავმჯდომარეს ახლა, ნინო? მიპასუხეთ. თქვენ საკმარისი ხმები არ გაქვთ „ნაცების“ გარეშე“, - მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს.

„თქვენი უსაქმურობის დრო დამთავრდა, თავმჯდომარე გადადგა,“ – მიმართა რუსთავის მერმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.

ნინო ლაცაბიძემ მედიასთან განმარტა, რომ რუსთავის მოქალაქეები გადაწყვეტენ ოპოზიციური საკრებულო ეყოლება, თუ არა.

„ეს პოლიტიკოსები დღეს პირველად არიან რუსთავში იმისთვის ჩამოსულები, რომ ეს მოაწყონ. ამის უფლებას მე არ მივცემ,“ -განაცხადა ლაცაბიძემ.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა.

პროცესის დაწყებამდე, საკრებულოს სხდომადა დარბაზი, პროტესტის ნიშნად „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა დატოვეს, შესაბამისად, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

რუსთავის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, ახალ თავმჯდომარეს დღესვე აირჩევენ. ასევე, განიხილავენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების გადაყენების და ახალი მოადგილეების არჩევის საკითხებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს