საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ქართველ და ამერიკელ მკვლევრებს საპატიო ჯილდოები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ამერიკელ მეცნიერებს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგსა და თანამშრომელს კი სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, დაჯილდოების ცერემონია აკადემიური საბჭოს სხდომაზე გაიმართა, რომელსაც სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ცნობილი მეცნიერი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი, ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აკადემიურ საბჭოზე რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და უცხოელმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, ცნობილი მეცნიერ-ჰიდროლოგისა და გეოგრაფის პროფესორ თენგიზ ცინცაძის ხსოვნას.

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აუდიტორიას აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმადაც ამერიკელ მკვლევრებს - დოქტორებს: ალბერტ ჯოზეფ ტერნერ ჯუნიორს, ფრენსის ედვარდ ნოელს და უილიამ ჰენრი ჰაითერს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით გაწეული მოცულობითი სამუშაოსა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. რექტორმა ამერიკელ მეცნიერებს საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი ჯილდოები გადასცა.

„გვამოძრავებს საუკეთესო სურვილები და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამერიკელი მეცნიერები, რომლებიც ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების მანტიით შეიმოსნენ, საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიურ სივრცეში გახდებიან ერთგვარი დესპანები, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი მეცნიერ-მკვლევრებისა და სტუდენტების საერთაშორისო წარმატებებს დამსახურებულად შეუწყობენ ხელს. დოქტორი ალბერტ ჯოზეფ ტერნერ ჯუნიორი ამერიკის კლემსონის უნივერსიტეტის ემერიტუსი და კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი, ასევე, ABET პროგრამის მიმართულებით წამყვანი ტრენერია. მას უდიდესი გამოცდილება აქვს კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამების შეფასების მიმართულებით. დოქტორი უილიამ ჰენრი ჰაითერი მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტის (UMASS) სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის ფაკულტეტის მკვლევარია, რომელიც ამავე უნივერსიტეტის ტრანსპორტირების ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი გახლდათ. რაც შეეხება დოქტორ ფრენსის ედვარდ ნოელს, ის სირაკუსის, ორეგონისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების აკადემიური ხარისხების მფლობელი და ABET აკრედიტაციის კომიტეტის წევრია, მრავალი წელი მუშაობდა IBM-ში, ასევე, მის სახელზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 34 გამოგონებაა დაპატენტებული. მადლობას ვუხდით ამერიკელ კოლეგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, იმ უდიდესი სამუშაოსთვის, რაც მოიცავდა ხანგრძლივ სწავლებას - ტრენინგებს, ვორქშოფებს, შეხვედრებს, მათ შორის ონლაინ ფორმატში, რომელშიც ჩართული იყო ჩვენი უნივერსიტეტის ფაკულტეტები, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, სტუდენტები. ყველა ეს პროცესი ჩვენს უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობის წარმატებით განხორციელებასა და საერთაშორისო კოლაბორაციის გაფართოებაში დაეხმარება. პროცესები აქტიურად არის დაძრული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მრავალ პროგრამაში დაინერგა კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპი, ვხედავთ ხელშესახებ შედეგებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროცესების უდიდეს მნიშვნელობას“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ღვაწლმოსილ თანამშრომელს - ლევან მაცაბერიძეს უნივერსიტეტში 68-წლიანი მოღვაწეობისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ, დღეგრძელობა უსურვა.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებმა - ალბერტ ჯოზეფ ტერნერ ჯუნიორმა, უილიამ ჰენრი ჰაითერმა და ფრენსის ედვარდ ნოელმა მადლობა გადაუხადეს აკადემიურ საბჭოს რექტორის ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ამერიკელმა მკვლევრებმა უნივერსიტეტს, მის რექტორს, სტუდენტებსა და მკვლევრებს საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მრავალმხრივი წარმატებები უსურვეს.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა