საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი მიწისქვეშა წყაროების მარაგების ოპტიმალური განაწილების მეთოდიკას იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის, საგანმანათლებლო პროგრამის - მშენებლობა, დოქტორანტი ნიკოლოზ კახიძე, პროფესორ ზურაბ გვიშიანის ხელმძღვანელობით, თემაზე - „დასახლებული პუნქტებისთვის მიწისქვეშა წყაროების მარაგების ოპტიმალური განაწილების მეთოდიკა“ მუშაობს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის მიზანია წყალმომარაგების მიმართულებით ქვეყანაში არსებული პრობლემების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით, ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება.

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, წყალმომარაგება დღემდე რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. როგორც პროფესორი ზურაბ გვიშიანი აღნიშნავს, ნიკოლოზ კახიძე სადოქტორო ნაშრომით დარგის სპეციალისტებს ახალ მეთოდოლოგიას შესთავაზებს.

„სადისერტაციო ნაშრომში კვლევის ობიექტებად განიხილება საქართველოს ქალაქებისა და სოფლებში წყალმომარაგების არსებული სისტემები. წყალსამეურნეო სისტემის მართვის ორგანიზაციას ახორციელებს წყალსამეურნეო კომპლექსი, იმდენად, რამდენადაც წყლის რესურსების გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, ცვლის დადგენილ ბუნებრივ კანონზომიერებებს. დადებითი ეფექტების კვალდაკვალ წარმოიშობა უარყოფითი შედეგებიც, რომელთა მინიმიზაცია შესაძლებელია წყალსამეურნეო სისტემის ერთიან კომპლექსად განხილვისა და მრავალწლიური დაკვირვებების შედეგად, დაპროექტების საფუძველზე. წყალსამეურნეო კომპლექსი განხილული იქნება, როგორც წყლისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების მიზნით გატარებული ღონისძიებების ერთობლიობა, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს მიწისქვეშა წყაროების მარაგები ოპტიმალურად გაანაწილონ. დოქტორანტი დარგის სპეციალისტებს შესთავაზებს ახალ მეთოდოლოგიას, რაც, ვფიქრობ, მათთვის საინტერესო იქნება“, - აცხადებს ზურაბ გვიშიანი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს წყლის რესურსების 75% დასავლეთ საქართველოშია, მდინარეების ჯამური წლიური ხარჯი კი, 61.45 მლრდ მ²-ია. საქართველო მდიდარია მიწისქვეშა წყლებით, რასაც უხვი ატმოსფერული ნალექები, გეოლოგიური აგებულება და ჰიდროგეოლოგიური თავისებურებები განაპირობებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოს მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსები 573 მ³/წმ-ს შეადგენს, რომელიც სასმელად გამოსადეგია. საქართველოში მთავარ წყალმომხმარებლებს სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და საყოფაცხოვრებო სექტორი წარმოადგენს. წყალმოხმარების თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობა წყლის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. ამ სექტორში წყლის უდიდესი რაოდენობა სარწყავი მიზნებისათვის გამოიყენება, ხოლო საყოფაცხოვრებო სექტორი სიდიდით მეორე წყალმომხმარებელია. სექტორი წყალს ძირითადად სასმელ-სამეურნეო მიზნებისათვის მოიხმარს.

„სასმელი წყალი ყოველდღიური მოხმარების სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტია, რომლის შექმნა-დამუშავება და მომხმარებლამდე მიწოდება კომპლექსური პროცესია. ჩემი მიზანია, სადისერტაციო კვლევისას მაქსიმალურად შევისწავლო ქვეყანაში არსებული პრობლემები წყალმომარაგების კუთხით, შევიმუშაო მეთოდოლოგია და დავეხმარო საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებს წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრასა და აღმოფხვრაში. წყლის რესურსების მენეჯმენტი არის წყლის რესურსების ოპტიმალური გამოყენების დაგეგმვა, განვითარება, განაწილება და მართვა. იდეალურ შემთხვევაში, წყლის რესურსების მენეჯმენტის დაგეგმვა ითვალისწინებს წყალზე არსებულ ყველა კონკურენტ მოთხოვნას და ცდილობს წყლის განაწილებას სამართლიან საფუძველზე, რათა დააკმაყოფილოს ყველა გამოყენება და მოთხოვნა. საჭიროა ინტეგრირებული მიდგომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ წყლის რესურსების მენეჯმენტი არ იყოს იზოლირებული სექტორის სილოსებში, რაც გამოიწვევს არაეფექტურობას, კონფლიქტებსა და რესურსების არამდგრად გამოყენებას. ამრიგად, ზემოაღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, დასახლებული პუნქტებისთვის მიწისქვეშა წყაროების მარაგების ოპტიმალური განაწილების საკითხი დღეის მდგომარეობით, ძალზედ აქტუალურია და ახლო მომავალში უფრო მკაცრად იქნება გამახვილებული ყურადღება მიწისქვეშა წყლის საექსპლუატაციო რესურსის დამტკიცებასა და ათვისებაზე. ხოლო, კვლევისას მიღებული შედეგები შეიძლება პერსპექტივაში რეალიზდეს საქართველოს ქალაქების/დაბების/სოფლების და ა.შ. წყალმომარაგების სისტემებში“, - აცხადებს სტუ-ის დოქტორანტი ნიკოლოზ კახიძე.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს