შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორის განცხადებაზე - ამ წერტილამდე მივიდა უცხოური დაფინანსება, რომ ქართველ ხალხს ესხმიან დონორები „ენჯეოების“ პირით - ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს

ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს, ამ ქართველი ხალხის ხელისუფლებას ეძახიან რუსებს. მაშინ, რა ქვეყანაში არიან საერთოდ, ვის წარმოადგენენ? ეს არის პრობლემა, რომ მათ ხალხი ხალხად არ მიაჩნიათ, ამ ხალხის ხელისუფლება, ხელისუფლებად არ მიაჩნიათ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის თქმით, „ენჯეოებმა“ მათი განცხადებით ძირი გამოუთხარეს საკუთარი თავის მიმართ ნდობას, რადგან გაფორმდნენ, როგორც უცხო ძალის ინტერესების წარმომადგენლები“.

„ზუსტად ამ არასამთავრობოების ჯგუფის გამჭვირვალობაზეა საუბარი კანონში, რომლის უკანაც დგანან დონორები. მათ იმდენად უნდათ, დამალონ და ფარულად ხარჯონ თავისი ფული, რომ ამ „ენჯეოებს“ ალაპარაკებენ და აძახებინებენ ქართველი ხალხის მიმართ რუსებს. ამ წერტილამდე მივიდა ზუსტად ეს უცხოური დაფინანსების მდგომარეობა, რომ ქართველ ხალხს ესხმიან დონორები „ენჯეოების“ პირით, რაც არის სირცხვილი, საბოლოოდ. ეს არის ზუსტად ქართველ ხალხზე თავდასხმა. რაც შეეხება განცხადებას, რომ არ ითანამშრომლებენ ხელისუფლებასთან, კიდევ ერთხელ, ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს, ამ ქართველი ხალხის ხელისუფლებას ეძახიან რუსებს. მაშინ, რა ქვეყანაში არიან საერთოდ, ვის წარმოადგენენ? ეს არის პრობლემა, რომ მათ ხალხი ხალხად არ მიაჩნიათ, ამ ხალხის ხელისუფლება, ხელისუფლებად არ მიაჩნიათ. ისინი ემსახურებიან საკუთარი დონორების ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. ვხედავთ ჩვენ, უკვე თავს ესხმიან ქართველ ხალხს სამარცხვინოდ, რუსებს ეძახიან ქართველ ხალხს. ასევე, ამ „ენჯეოებმა“ ამ განცხადებით, საბოლოოდ, ძირი გამოუთხარეს საკუთარი თავის მიმართ ნდობას, რადგან გაფორმდნენ, როგორც უცხო ძალის ინტერესების წარმომადგენლები იმ მხრივ, რომ არ აინტერესებთ საერთოდ, ქართველ ხალხს არც კი უყურებენ. ერთადერთი ინტერესი, რასაც ისინი ახორციელებენ არის მათი დონორების ინტერესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრება იქნება პასუხი „იმ შავ ფულზე, რომელიც დონორების მხრიდან იხარჯება საქართველოში“.

„სინამდვილეში მიზანი არის ის, რომ დამალონ ფინანსები. ეს არის ზუსტად შავი ფულის დამალვის ტაქტიკა, შავი ფულის ტრიალის ტაქტიკა ქართულ პოლიტიკაში და „ენჯეო“ სექტორში. იმისათვის, რომ დონორებმა „ენჯეოების“ სახელით გავლენა მოახდინონ ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე. ზუსტადაც ვხედავთ, რომ ეს მილიონები რაც იხარჯება, ზუსტად ამ ტაქტიკით, სუფთა სპეცსამსახურების ტაქტიკით, იარლიყების მიკრობით, არის მცდელობა, რომ ქართველი ხალხი დატოვონ ამ ცოდნის გარეშე, თუ რაში იხარჯება ეს ფული. ამიტომ, საბოლოოდ, ეს არის მთავარი პრობლემა. ამიტომაც, არის მნიშვნელოვანი 29 აპრილს გამოვიდეს ქართველი ხალხი. ეს იქნება პასუხი იმ შავ ფულზე, რომელიც დონორების მხრიდან იხარჯება საქართველოში. ეს იქნება პასუხი იმ „ენჯეოებისთვის,“ რომლებიც ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს. სამარცხვინო განცხადებები რომ მოვისმინეთ გუშინ, ოპოზიცია და „ენჯეო“ რომ გაერთიანდნენ და ქართველ ხალხს გვეძახიან რუსებს, აი, როგორი რუსები ვართ, ვნახავთ ყველა 29 -ში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, 126 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაცია აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ არ გაიხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს