ირაკლი ზარქუა - ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას, რომელიც დგას უსამართლობაზე და არის მწვალებელთა პარტიის მეგობრების მიერ შექმნილი - ჩვენ მორიგ ჯერზე ვართ მომსწრე, როგორ ხდება ევროპული ღირებულებების დევალვაცია

ჩალის ფასი აქვს ასეთ რეზოლუციას, რომელიც დგას უსამართლობაზე, უბრალოდ არის მწვალებელთა პარტიის მეგობრების მიერ შექმნილი - ჩვენ მორიგ ჯერზე ვართ მომსწრე, როგორ ხდება ევროპული ღირებულებების დევალვაცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაირკვევა, თუ ვისგანაა დაფინანსებული და ლობირებული აღნიშნული რეზოლუცია. როგორც ზარქუა აღნიშნავს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ევროპარლამენტში 12-15 აქტივისტი ჰყავს.

„ასეთი უსაგნო, უსაფუძვლო, უარგუმენტო რეზოლუციებით გაამდიდრეს ევროპარლამენტარებმა ეს ტრიბუნა. სამარცხვინოა, მიუღებელი, ჩალის ფასი აქვს, ნული. დარწმუნებული ვარ, რაც ახლა რეზოლუცია გამოაცხვეს, ვისგან რის დაფინანსებული და ლობირებული გავიგებთ მიმდინარე წლის შემოდგომაზე, იმიტომ რომ დეკლარირება უწევთ. იგივე მარაზმი ჩაიდინეს ახლაც, რაც სააკაშვილის შემთხვევაში, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს დაემუქრნენ ვიზალიბერალიზაციას წაგართმევთო. ვინ ეკითხება კუბილიუსს? არც არის მათი კომპეტენცია. ეს არის სარეკომენდაციო. რეზოლუციები მილიონი ჰქონდათ მიღებული მანამდეც რომ გვეუბნებოდნენ, გამოუშვით სააკაშვილი, თორემ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო. ის ციხეში ზის, ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ანალოგიურად აქაც," - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს