მეთიუ მილერი - აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას - ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა

საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა, - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მილერის განცხადების თანახმად, „კრემლის მიერ შთაგონებული უცხოური გავლენის” კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირის, ნატოს წევრობას და საფრთხე ექმნება საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

„შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში იქნა მიღებული და ცრუ ნარატივს, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს აქვთ მის დასაცავად.

მმართველი პარტიის წევრებმა ნათლად განაცხადეს, რომ კანონის მიზანია გააჩუმოს კრიტიკული ხმა და გაანადგუროს საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოს წევრობას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საგარეო დახმარებას საქართველოში - რომელსაც ჩვენ გავცემდით 32 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გასაძლიერებლად, ძირს უთხრის ძლიერ ურთიერთობას, რომელიც განვავითარეთ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის და მისი უფლების გვერდით, რომ მათი ხმა იქნას გაგონილი. ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებენ დემონსტრაციებს. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუშვან, რომ არაძალადობრივი აქციის მონაწილეებმა გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება”, - წერია განცხადებაში.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი