პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს რეიტინგი გაუარესდა და 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს“ აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.

„ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. გარემო რჩება მტრული დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით და დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზებისა და თავისუფალი სიტყვისთვის სივრცის შევიწროებისკენ მიმართული კანონების მიღების მცდელობებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აცხადებს, რომ ქვეყანა განიცდის სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს 2020 წლის ოქტომბრის სადავო საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ. „ეს გარემო ხელს უწყობს სატელევიზიო ქსელების კონტროლისთვის მდგრად კონკურენციას. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედია საშუალებების ფლობას უკრძალავს, მსხვილი ქსელები ძირითადად იცავენ მათი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად აქვთ მჭიდრო კავშირები პოლიტიკურ ლიდერებთან. იგივე ეხება სახელმწიფო მედიას, რომელიც ექვემდებარება ხელისუფლების ჩარევას. ამავდროულად, ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს პასუხი გასცეს მედიას, რომელიც მათ აკრიტიკებს და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, დარბევას, ცილისწამების კამპანიას და დაშინებას“, - აღნიშნულია აღწერაში.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ხშირია ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს.

„2021 წლის ივლისში ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს 50-მდე რეპორტიორზე სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკუსვლა იყო. გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის ნაკლებობა მეტყველებს იმ დაუსჯელობაზე, რომლითაც სარგებლობენ ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, 2023 წლის რეიტინგში, საქართველოს, 180 ქვეყანას შორის, 61.69 ქულით 77-ე ადგილი ეკავა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის