პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩებს - თქვენ საქართველოს მოსახლეობას უნდა დაანახოთ სტაბილურობა, რომ საქართველო მარტო არაა, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ სვლას განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გაწეული ძალისხმევისათვის ელჩებს მადლობა გადაუხადა.

“მადლობა შაბათს, ჩვენთვის აღდგომის წინა დღეს, თქვენთვის კი, დასვენების დღეს აქ მობრძანებისთვის. მინდა, რომ ამ ტიპის შეხვედრები რეგულარულად გავმართოთ, რათა მნიშვნელოვან ეტაპზე თქვენი ინფორმირება მოვახდინო არსებული სიტუაციის შესახებ.

მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს მთავრობებსა და ოფიციალურ წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერისა და საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერი განცხადებებისათვის.

ნამდვილად, საქართველოს ევროპული გზა საქართველოს ერთადერთ გზად რჩება (როგორც ეს ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი) და სწორედ ეს ის კონსტიტუციაა, რომლის დასაცავადაც აქ ვარ. მე ვიცავ კონსტიტუციას და ასევე, წარმოვადგენ და ვიცავ საზოგადოების ხმას, იმ ახალგაზრდების ხმას, რომლებიც ქუჩებში მშვიდობიანად და ძალიან პასუხისმგებლინად დგანან, მაგრამ ასევე, სხვა დანარჩენი მოსახლეობის ხმას, რომლებიც შეიძლება ქუჩებში არ გამოდიან, მაგრამ მრავალი წლის მანძილზე იზიარებენ ევროპულ პერსპექტივას და გეგმას და რომლებმაც გამოხატეს ევროკავშირში გაწევრიანების ნება.

მინდა გითხრათ - ყველანი ვადევნებთ თვალს ამ აქციას, მე არ ვარ არცერთი ამ მოძრაობის ლიდერი - მე ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, მე მხოლოდ მხარს ვუჭერ იმ ყველაფერს, რაც თანხვედრაშია ჩვენს ევროპულ სურვილთან, მაგრამ ასევე, ძალიან ყურადღებით ვარ იმის მიმართ, რაც ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის სტაბილურობა.

მინდა ვთქვა, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა ხდება დღეს, რა მოხდება ხვალ, ან ზეგ ქვეყნის ხელისუფლებას, ქვეყნის მთავრობას ეკისრება, რადგან ამ მოვლენათა ჯაჭვი მათ გამოიწვიეს.

ეს მოვლენები გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლებამ არსაიდან, ხელახლა სწორედ მაშინ წარადგინა ეს ძალიან პროვოკაციული „უცხო აგენტების“ კანონი და სხვა კანონები, როდესაც მთელი ქვეყანა ევროპული გზის ირგვლივ იყო გაერთიანებული, როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, როდესაც ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია მოიპოვა.

ამ კანონებს მე ერთი-მეორის მიყოლებით ვადებ ვეტოს, რადგან ისინი ეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენ უნდა შევასრულოთ თუ გვინდა, რომ წლის ბოლომდე (ან უახლოეს პერიოდში) გავხსნათ მოლაპარაკებები. ასე რომ, ამის გაკეთება [ამ კანონის ხელახლა წარდგენა] თავისთავად პროვოკაცია იყო ევროკავშირის კარის გაღების ნახვით ბედნიერი საზოგადოების წინააღმდეგ. ასე რომ, ეს იყო საზოგადოებაზე ძალადობა. იმ საზოგადოებაზე, რომელიც ყოველთვის ხედავდა, რომ საუკეთესო თავდაცვა, ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო გრძელვადიანი დაცვა და თავდაცვა რუსეთის ნებისმიერი იმპერიალისტური მცდელობებისგან - ევროკავშირია.

ჩვენ ასევე ვნახეთ თავდასხმა ჩვენს პარტნიორებზე და მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ სიტყვების გამო, რაც თქვენი ქვეყნების მიმართ იქნა გამოყენებული. თქვენ ის ქვეყნები ხართ, რომლებიც 30 წელზე მეტია - 33 წელია მხარს უჭერენ ამ ქვეყნის ყველანაირ განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, კულტურულ ინფრასტრუქტურას, ქართული იდენტობის დაცვას; ყველა ის პროგრამა, რომელიც თქვენმა ქვეყნებმა და თქვენმა არასამთავრობო, თუ კერძო ორგანიზაციებმა განახორციელეს იყო საქართველოს ინტერესში.

და ეს ისაა, რაც საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ მათი სახელით, მინდა ამისათვის ოფიციალურად მადლობა გადაგიხადოთ, რადგან (ყველგან რომც არ ჩანდეს) ეს ისაა, რასაც ხალხი ფიქრობს. ქართველებს არასდროს უგრძნიათ თავი რაიმე სახით თქვენი რომელიმე ქვეყნის მონობაში, ან თქვენი დომინანტობა (ბატონობა), განსხვავებით ჩვენი მეზობლებისგან.

ასევე, ადგილი აქვს პროვოკაციასა და ძალადობას კონსტიტუციაზე, რომელშიც, როგორც ყველასათვისაა ცნობილი, ძალიან ნათლადაა ნათქვამი რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია. სიტყვები, რომლებიც დღეს აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე მკაფიოდ არ მომისმენია. მოულოდნელად ისე ჩანს, თითქოს სხვა მიმართულება აქვს საქართველოს. ასე რომ, ესაა კონსტიტუციაზე ძალადობა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა პრეზიდენტმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა დავინახოთ და ხელისუფლებასთან თქვენი კომუნიკაციისას ხაზი გაუსვათ მათ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით, პარტნიორებისა და მოსახლეობის მიმართ გამოყენებულ ძალადობრივ რიტორიკაზე“.

„როცა ხელისუფლება ხარ, არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტი და სხვა ეპითეტები უწოდო, რომლებსაც შემდეგ ხელისუფლებისა და პარლამენტის ქვედა რგოლები საკუთარი მოსახლეობის მიმართ იმეორებენ.

ეს ყველაფერი სტაბილურ გარემოს არ ქმნის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა სტაბილური გარემო, არჩევნებისკენ წასვლის შესაძლებლობა შევინარჩუნო, რაც ყველა იმ მიღებული კანონის შესწორების საშუალებას მოგვცემს, რომლებიც ჩვენს ევროინტეგრაციის გეგმებს არ შეესაბამება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ნაკლებ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი, უკეთ უნდა აღიქვას რა არის მოსახლეობის ზოგადი ნება.

მინდა გთხოვოთ და ეს გზავნილია თქვენი ხელისუფლებებისთვის - ის პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, ძალიან გადამწყვეტია, იქნება კანონის მესამე მოსმენა და ვფიქრობ, თარიღების არჩევის მეთოდიც ასევე, ცოტა პროვოკაციულია; ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღდგომის პერიოდში ხდება, რომელიც წესით გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის პერიოდი უნდა იყოს, თუმცა პირიქითაა. ბატონი ივანიშვილის გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, როგორც თქვენი, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ჩვენ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენც მნიშვნელოვანი როლი გაქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობას დაანახოთ სტაბილურობა, დაანახოთ, რომ საქართველო მარტო არაა, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ სვლას განაგრძობს.

ჩემი თხოვნა სწორედ ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაა, შემდეგ, ვიცი რომ ევროპელებისთვის სხვა პერიოდი იწყება - ევროპული საპარლამენტო არჩევნების“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)