ომბუდსმენი - მაქვს განცდა, რომ ახალგაზრდებმა საკუთარ თავში, აწმყოსთან ერთად, ის წარსულიც გააერთიანეს, რომელიც მშობლების თაობაა და ის მომავალიც, რაც ცალსახად მათია, ამიტომ მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული

მაქვს განცდა, რომ ახალგაზრდებმა საკუთარ თავში, აწმყოსთან ერთად, ის წარსულიც გააერთიანეს, რომელიც მშობლების თაობაა და ის მომავალიც, რაც ცალსახად მათია, ამიტომ მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, კატეგორიულად მიუღებელია მათი შეურაცხყოფა, დემონიზება, ან ნებისმიერი პოლიტიკური ნარატივისადმი მიკუთვნების მცდელობა!

„მინდა დავწერო, როგორც მოქალაქემ და არა როგორც სახალხო დამცველმა, რთულია მიმდინარე მოვლენებზე განყენებულად საუბარი, იმ პოზიციიდან რაც მიკავია და იმ პასუხისმგებლობით, რაც მაკისრია. მოკლედ ვიტყვი, რომ აქციების დაწყების პირველივე დღიდან, მეც და სახალხო დამცველის აპარატიც სრულად, ვაკეთებთ იმას, რასაც კონსტიტუცია და კანონი გვავალდებულებს, ვნახულობთ დაკავებულებს და დაზარალებულებს, ვაწვდით ინფორმაციას ოჯახის წევრებს და საზოგადოებას, ვაფასებთ პოლიციის მოქმედების პროპორციულობას და მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. აღნიშნულზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე.

აქ სხვა რამეზე მინდა გამოვთქვა აზრი და ეს, პირველ რიგში, ეხება ჩვენს ახალგაზრდებს, პროტესტის მონაწილეებს, იშვიათად მინახავს ასეთი გულწრფელობა აქციაზე, ეს ამ თაობის მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან. მე ვიცი ვინ დგას იქ, ისინი ჩვენი შვილები, მათი მეგობრები, ჩვენი მეგობრების შვილები, მეზობლები, ნათესავები არიან. კატეგორიულად მიუღებელია მათი შეურაცხყოფა, დემონიზება, ან ნებისმიერი პოლიტიკური ნარატივისადმი მიკუთვნების მცდელობა! მაქვს განცდა, რომ ამ ახალგაზრდებმა საკუთარ თავში, აწმყოსთან ერთად, ის წარსულიც გააერთიანეს, რომელიც მათი მშობლების თაობაა (თუნდაც, ისინი განსხვავებულად უყურებდნენ ბევრ რამეს) და ის მომავალიც, რომელიც ცალსახად მათია, ამიტომ მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული. ჩვენ ვერ ვიქნებით მათ გარეშე და ისინი უჩვენოდ, რადგან ეს ერთი დიდი ოჯახია.

ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეს წიხლებით გაუსწორდა; ეს ის საშიში ზღვარია, რომლის შემდეგაც, უბნური ვენდეტები და გარჩევები იწყება. ამ ჯოჯოხეთს ძლივს დავაღწიეთ თავი და იქ არასდროს უნდა დავბრუნდეთ. სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ შემთხვევაში, მან არ უნდა დაუშვას ძალადობა, ხოლო მოძალადეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. ძალადობა დაუშვებელია შეკრების მონაწილეების მხრიდანაც, ყველას უნდა გვესმოდეს რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე დგას და ამ ინსტიტუციებს პატივისცემა სჭირდება, პოლიციელების შეურაცხყოფა, გინება თუ ფურთხება კატეგორიულად მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს.

სიძულვილის ენა ის წყევლაა, რაც ათწლეულების მანძილზე არ გვაძლევს საშუალებას გავერთიანდეთ საერთო ღირებულებების ირგვლივ, სიძულვილის ენის გამოყენება არის ადამიანის დეჰუმანიზაციის სამარცხვინო აქტი და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად არჩეული უარგუმენტო გზა, განსაკუთრებით, როცა ჩვენს საამაყო სპორტსმენებზეა საუბარი, ისინი ბევრად მეტს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება შეიძლება იყოს, მათ აქვთ უფლება, აკეთონ საკუთარი საქმე და არავის აქვს უფლება ამუნათოს ამისთვის. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაც ადამიანის უფლებაა და არა ვალდებულება.

და ბოლოს, ისევ ჩვენს ახალგაზრდებს დავუბრუნდები, ჩვენი ევროპული მომავლის ფლაგმანს და ვიტყვი, რომ არ შევწყვიტოთ შრომა ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ორ სიტყვაში „ადამიანის უფლებები", მთავარი სიტყვა ადამიანია.

გილოცავთ, ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბედნიერებას, მშვიდობას და სიხარულს გისურვებთ! - წერს ლევან იოსელიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)