საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სააღდგომოდ ძეგვის თავშესაფარი მოინახულეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სააღდგომოდ, ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს ესტუმრნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, რომლის ინიციატორი და მხარდამჭერი რექტორი აკადემიკოსი დავით გურგენიძეა, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თავშესაფარში მცხოვრებ პენსიონერებსა და ოჯახებს სააღდგომო ნობათი, სასურსათო პროდუქტი, პირადი ჰიგიენის ნივთები, ტანსაცმელი, ბავშვებს კი ტკბილეული, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი გადასცეს.

სტუ-ის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა თავშესაფრის დირექტორს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტი მზაობას გამოთქვამს, თავშესაფარში მცხოვრები სასკოლო ასაკის ბენეფიციარები, რომლებიც მომავალი სასწავლო წლიდან დამამთავრებელ კლასებში ისწავლიან, STEM საგნებში უსასყიდლოდ მოამზადოს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და საუნივერსიტეტო „ქალთა ასოციაცია“, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ხშირად ვსტუმრობთ სხვადასხვა ზრუნვის დაწესებულებებს. მათ შორისაა, ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული თავშესაფარი, სადაც 80 ბენეფიციარია, აქ არიან ხანდაზმულებიც და ოჯახებიც თავიანთი შვილებით. მიგვაჩნია, რომ თავშესაფარში მცხოვრებ 20 ბავშვს, რომელთა ნაწილიც სასკოლო ასაკისაა, განსაკუთრებული ზრუნვა და კარგი განათლების მიღება სჭირდებათ. დაწესებულების დირექტორს, ნანა გოგოჭურს რექტორის ინიციატივა გავაცანით იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტი მზად არის, მომავალი სასწავლო წლიდან STEM საგნებში - მათემატიკაში, ფიზიკასა და ქიმიაში უფასოდ მოამზადოს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, მისცეს მათ კარგი ცოდნა და ამით შეუქმნას შესაძლებლობა, სწავლა სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე გააგრძელონ და პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის ბენეფიციარებს მხარდაჭერას პროფორიენტაციაშიც აღმოუჩენს და შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს შესთავაზებს“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა.

სტუ-ს ინფორმაციით, ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული თავშესაფარი დირექტორმა ნანა გოგოჭურმა, ბენეფიციარების სახელით, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, თავშესაფარში მცხოვრები ბავშვებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რექტორის ინიციატივა, რაც მათ ცოდნის დაუფლებასა და სამომავლო გზის გაკვალვაში დიდ დახმარებას გაუწევს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება