საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ეწვევა

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი 7 მაისს საქართველოს ეწვევა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. მასთან ერთად საქართველოში ჩამოდის გერმანული კერძო კომპანიების დელეგაცია.

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე ისაუბრებენ ევროკავშირთან დაახლოებისთვის საქართველოს ძალისხმევის, გერმანიის მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ, ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ტურიზმი, ვაჭრობა და ინვესტიციები (მაგ. საჰაერო მიმოსვლა, გადახდის ოპერაციები, როუმინგი).

დელეგაცია ასევე ესტუმრება ქართულ კერძო კომპანიებსა და ისაუბრებს ორმხრივ პროექტებზე.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ ვიზიტით სვენ გიგოლდს სურს, განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატოს საქართველოს მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი და გადადგას სწრაფი ნაბიჯები შეთანხმებული რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს საზოგადოება მზად არის ევროკავშირისთვის. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ გვსურს, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. გერმანიის ფედერალური მთავრობა აძლიერებს გერმანულ კომპანიებს მათი საქმიანობისას რეგიონში და ამით აძლევს დადებით იმპულსს რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“, - განაცხადა სვენ გიგოლდმა.

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტრო ეხმარება საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ინსტრუმენტებით (ექსპორტის საკრედიტო გარანტიები, საინვესტიციო გარანტიები, ევროკავშირის ტვინინგის პროექტები, პარტნიორობა ადმინისტრაციულ დარგში, პროგრამა „პარტნიორობა ბიზნესში გერმანიასთან“).

„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბაზრის გაფართოების პროგრამის ფარგლებში ხდება მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა უცხოურ ბაზარზე შესვლისას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის ჩართულობის ინიციატივაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის