შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ თავად იუპიტერები არიან და საქართველო არის ხარი, იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები, პატარა ერისთვის არ არის - ეს სამწუხარო მიდგომაა

სამწუხაროდ, ზოგიერთს აქვს ისეთი დამოკიდებულება, თავად იუპიტერები არიან და საქართველო არის ხარი, იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები, ქართველებისთვის და პატარა ერისთვის არ არის, რაც არის სამწუხარო მიდგომა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე ყოფილიყო შინაარსობრივი არგუმენტები, „არის ჩვეულებრივი ისტერია, ბრახუნი მაგიდებზე და სლოგანების წამოძახილი“.

„უკვე რამდენიმე კვირაა, რაც „გამჭვირვალობის კანონის“ განხილვა მიმდინარეობს, რამდენიმე კვირაა ჩვენ ვითხოვთ, თუკი არსებობს რაიმე კონკრეტული არგუმენტი, შემოთავაზება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ესა თუ ის მუხლი, როგორ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ესა თუ ის მიდგომა, ჩვენ მზად ვართ, შინაარსობრივად განვიხილოთ. ამას იმეორებდნენ მომხსენებლები საპარლამენტო, მათ შორის მეორე მოსმენის განხილვის დროს. ამას ვეუბნებით ჩვენ ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის შეთავაზება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ელჩების მიმართ, ჯერ კიდევ ძალაშია. თუკი ვინმეს აქვს საგნობრივად რაიმე სათქმელი და შემოთავაზებული, ჩვენ მზად ვართ ეს მოვისმინოთ. ის, რასაც ჩვენ ვისმენდით პირველივე დღიდან, ეს არის მსჯელობის დაბლოკვა. ნაცვლად იმისა, რომ მსჯელობა ყოფილიყო ამასთან დაკავშირებით, ზუსტად ამ მორალური ტერორის მექანიზმის გამოყენებით და სპეცსამსახურების ტექნიკით პროპაგანდის წარმოებით, ხდება "დაბრენდვა" თავად პროცესის თუ კანონის, როგორც „რუსული კანონი“ და ა.შ. ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო შინაარსობრივი არგუმენტები, არის ჩვეულებრივი ისტერია, ბრახუნი მაგიდებზე, რაღაც სლოგანების წამოძახილი. შინაარსობრივი განხილვისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ. სამწუხაროდ, გავიდა კვირები და არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, პირიქით. ახალ ამბებსაც ვეცნობით, მაგალითად, გუშინ ვნახეთ, რომ კანადაში ინიცირდება მსგავსი კანონი. ვნახეთ სხვა ქვეყნებში როგორ მიდის ამა თუ იმ ინიციატივის განხილვა. ეს არის სწორედ ამ მთლიანი პროცესის ფარისევლობა. სამწუხაროდ, ზოგიერთს აქვს ისეთი დამოკიდებულება, თავად იუპიტერები არიან და საქართველო არის ხარი, იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები, ქართველებისთვის და პატარა ერისთვის არ არის, რაც არის სამწუხარო მიდგომა. ის, რაც კანადაში ინიცირდება, ევროკავშირში, სადმე პანიკა ატყდა ამასთან დაკავშირებით? განხილვაზე პანიკა არის კანადაში? არ არის და რატომ არის პანიკური სიტუაციის შექმნის სურვილი ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან საქართველოში?!“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ზოგიერთი უცხოელი აქტორი საქართველოს ფიქრს და განსჯას უკრძალავს და პარლამენტს თავს ესხმის.

„სინამდვილეში, ევროპის სახელით ჩვენ ქართველი და ასევე, ზოგიერთი უცხოელი აქტორი, ევროპის სახელით გვიკრძალავს ფიქრს, აზროვნებას, განსჯას, საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას. ევროპის სახელით დღეს თავს ესხმიან საქართველოს პარლამენტს, აწყობენ შტურმს საქართველოს პარლამენტზე ევროპის სახელით და ევროპის დროშებით. ეს რა თქმა უნდა, არის ქართველი ხალხის თვალში ევროპული ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს