სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს და პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ. წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვისაც ნარჩუნდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებსა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივებს, მეორე მოსმენით, იმ გადაწყვეტილებით დაუჭირა მხარი, რომ ნარკოტესტის გავლასთან დაკავშირებული ყველა ნორმა შენარჩუნდება და კანონებიდან მათი ამოღება აღარ მოხდება.

პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად კი, დაგეგმილი იყო იმ ნორმის გაუქმება, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კანონიდან შესაბამისი ნორმა აღარ ამოვა და თანამდებობის პირებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოთხოვნის საფუძველზე ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ მომხდარიყო ან ამ ნორმის ამოღება ან დაკონკრეტება, თუ რა შეიძლება იყოს ლეგიტიმური მიზანი. თავიდან გადავწყვიტეთ, რომ ამოღება შეიძლება უფრო მიზანშეწონილი ყოფილიყო, თუმცა ჩვენი ხელისუფლების მიდგომიდან და გაცხადებული ნარკოპოლიტიკიდან გამომდინარე, მკაცრი მიდგომები უნდა იყოს გამოყენებული და ეს მით უმეტეს თანამდებობის პირს უნდა შეეხებოდეს. თანამდებობის პირი, რომელიც ნარკოტესტის გავლაზე უარს ამბობს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სანდო ვერ ექნება. კეთილი ინებონ თანამდებობის პირებმა და ნარკოლოგიურიო შემოწმება გაიარონ, როცა მათ ამას ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი მოსთხოვს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის მიერ მეორე მოსმენით მხარდაჭერილი პროექტით, ძალაში რჩება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებულია მიერ მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში