ეს ადამიანი {უჩა აბაშიძე}, რომელიც არასამთავრობო სექტორის ლიდერად და აქციების სულის ჩამდგმელად იყო წარმოჩენილი, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ვინც არის. ასეთი ამაზრზენი დანაშაულები გვაგონებს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბლოგერ უჩა აბაშიძის საქმეს გამოეხმაურა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” იმავე მეთოდებით მოქმედებს, რაც 2012 წლამდე ჰქონდათ, კერძოდ, “ფარულად იწერს ინტიმურ სცენებს და აშანტაჟებს ადამიანებს”.
“ჩვენ, ამ დღეებში ვნახეთ, სრული ისტერია აქციის ორგანიზატორების მხრიდან. გახსოვთ, როდესაც ჩხრეკა ტარდებოდა ამ ადამიანის ბინაში, უცებ მოხდა ადამიანების ორგანიზება და მცდელობა პოლიციის მუშაობაში ხელის შეშლისა. ეს ადამიანი, ვისაც უწოდებენ არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთ ლიდერს და აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, აღმოჩნდა რასთან გვაქვს საქმე. აღმოჩნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მოქმედებს იმავე მეთოდებით, რაც 2012 წლამდე ჰქონდათ, ფარულად იწერს ინტიმურ სცენებს და ამით აშანტაჟებს ადამიანებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ითქვა, რომ ასეულობით ფაილია და ჩანაწერია, სადაც ცნობადი სახეები არიან. ეს არის ზუსტად სკანდალი ამ საქმეში. შანტაჟი იმას გულისხმობს, რომ დაიყოლიონ სხვადასხვა ქმედებებზე. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი აქტიური ადამიანის მოტივაციას, რამდენად დაკავშირებულია შანტაჟთან, თუ გულწრფელი პოზიციაა. ხედავთ, “ნაციონალური მოძრაობა” თავისი მეთოდებით არსად წასულა. ეს ადამიანი, რომელიც არასამთავრობო სექტორის ლიდერად იყო წარმოჩენილი და აქციების სულის ჩამდგმელად, აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, ვინც არის. ასეთი ამაზრზენი დანაშაულები გვაგონებს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდს. ვხედავთ, ამ სექტორს ამოფარებული იმავე მოქმედებებს აგრძელებენ. მნიშვნელოვანია, შს სამინისტრომ დეტალურად შეისწავლოს ჩანაწერები, დაზარალებულებს დაუკავშირდებიან. თავისთავად სკანდალია - გამოდის, იქმნებოდა გარკვეული მექანიზმი, ადამიანების შანტაჟისა, რათა ზეგავლენა მოეხდინათ, სავარაუდოდ, საზოგადოებრივ აზრზე”, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.