შალვა პაპუაშვილი - ელჩებს ვეუბნებით, ნუ ეფარებიან სლოგანებს და ტრაფარეტებს, გვითხრან რა არის პრობლემური, თუმცა სრული დუმილია - შემოგვთავაზონ და თუ შევჯერდებით, ვეტოს მექანიზმის გამოყენებით შესაძლებელია კანონში პოზიციის ასახვა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე პარტნიორების მხრიდან მოსაზრებები იქნება და შეთანხმებიან, ვეტოს მექანიზმის გამოყენებით კანონში შეჯერებულ პოზიციებს ასახავენ.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამჯერად, ხედავენ მზაობას [პარტნიორების მხრიდან], რომ ქართველ ხალხს აღნიშნულ კანონპროექტზე შინაარსობრივად დაელაპარაკონ.

„მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაინიცირდა, დაგვხვდა ყრუ კედელი, როგორც შიგნით, ოპოზიციის მხრიდან, ასევე, ამაში განსაკუთრებით ცუდი როლი ითამაშეს უცხოელმა აქტორებმა. ოპოზიცია პირდაპირ წააქეზეს დისკუსიის დაბლოკვისკენ. ჩვენ პარლამენტშიც ყოველ ჯერზე ვთხოვდით ოპოზიციას და ასევე, უცხოელ აქტორებს, შემოსულიყვნენ საგნობრივ დისკუსიაში. პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა ელჩებსაც, რომლებიც აკეთებენ ტრაფარეტულ განცხადებებს, თითქოს რაღაც ღირებულებას ეწინააღმდეგება [კანონპროექტი]. მათ ვეუბნებით, ნუ ეფარებიან სლოგანებს და ტრაფარეტებს, არამედ გვითხრან არგუმენტებად, რა არის პრობლემური, რას ფიქრობენ, რომ შესაცვლელია და აქ სრული დუმილია - ეს პროცესი იყო ბოლო რამდენიმე კვირა. მაგრამ ბოლო შეხვედრების შემდეგ გაგვიჩნდა იმედი, რომ არის სურვილი და მზაობა, რომ შინაარსობრივად დაელაპარაკონ ქართველ ხალხს - თუ რამეში ხედავენ პრობლემას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რა პრობლემას ხედავენ და რა შეიძლება, რომ სხვანაირად იყოს ფორმულირებული. ამიტომ, როდესაც ევროკომისრის წარმომადგენლებთან საუბარი გვქონდა, ვთქვით, რომ მესამე მოსმენა რედაქციული ხასიათისაა, პარლამენტი განიხილავს და მიიღებს. თუ ისინი ახლა გამოთქვამენ მზაობას და როგორც იქნა, დაგვთანხმდებიან, რომ საგნობრივად იმსჯელონ ჩვენთან ერთად, წარმოადგინონ, რა მოსაზრებები აქვთ და თუ ამ მოსაზრებებზე შევჯერდებით, არსებობს ვეტოს მექანიზმი, რომელიც ქალბატონმა სალომემ [ზურაბიშვილი] უკვე დააანონსა. ბოლო რამდენიმე კვირაა ვამბობთ, რომ მზად ვართ, შინაარსობრივ დისკუსიაში შევიდეთ და არავინ შემოდის. სულ 6-გვერდიანია კანონი და არ შეიძლება ამხელა აყალმაყალის ატეხა. შეუძლიათ, თუ რამე წინადადება აქვთ, შემოგვთავაზონ და თუ ამაზე შევჯერდებით, მაშინ ვეტოს მექანიზმის გამოყენებით შესაძლებელია, ამ შეჯერებული პოზიციის ასახვა კანონში. რაც შეეხება ტრაფარეტულ განცხადებებს, რომ ეს [კანონპროექტი] ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება - არავის არ აქვს ექსკლუზივი ევროპულ ღირებულებებზე ელაპარაკოს ქართველ ხალხს. მათ შორის არც ევროკავშირის წარმომადგენლებს არ აქვთ ეს ექსკლუზივი, რომ ქართველ ხალხს ევროპულ ღირებულებებზე ესაუბრონ, ქართველი ხალხი ევროპელია, ამიტომ ევროპულ ღირებულებებზე პედაგოგიური ხასიათით კი არ უნდა გვესაუბრონ, არამედ ეს არის ჩვენი საერთო ღირებულება. ის, რა ღირებულებაც აქვს ბელგიელს, გერმანელს თუ ფრანგს, იგივე ევროპული ღირებულებაა ქართული ღირებულება, ამიტომ აქ გაკვეთილების ჩატარება არ გვჭირდება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო