ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა - ეს უკან შემობრუნებაა, რომელზეც ევროკავშირს რეაქცია აუცილებლად ექნება

ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ თბილისში, ევროპელ კოლეგებთან და საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ აქ იმის შესახებ ლექციების წასაკითხად არ ჩამოვსულვართ, თუ რა ან რა არ უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა. იმიტომ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ამისთვის არჩევნები ტარდება და მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რა არის მათი მომავალი. ჩვენ აქ როგორც ნამდვილი მეგობრები ისე ჩამოვედით და არა ადვოკატირებისთვის, არამედ მხოლოდ ფაქტების გასაჟღერებლად. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიშია და, სამწუხაროდ, შუაში ყოფნის არჩევანი არ არის. რუსეთმა ყველა მეზობელი ქვეყანა ისეთ პოზიციაში ჩააგდო, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ვიყოთ თავისუფლებისკენ თუ რუსეთის მხარეს და ეს არის არჩევანი. მე დღეს აქ ვარ, რადგან ესტონეთს საქართველო როგორც ისტორიულად, ისე დღესაც ადარდებს. ჩვენ ქართველი ხალხი გვადარდებს, ჩვენ ისტორიულად საუკეთესო მეგობრები ვართ და თქვენ ეს იცით. ჩვენ საქართველოს და მის რეფორმებს ათწლეულების განმავლობაში მხარს ვუჭერთ და გიზიარებთ იმ შეხედულებას, რომ დემოკრატიული და წარმატებული საქართველოს საუკეთესო გარანტია ევროკავშირში გაწევრიანებაა. ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო თავისუფლებებს და ყველაფერს, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს. ეს კანონი სიმბოლოა, რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის. ეს კანონი საქართველოს ევროკავშირს აშორებს. ეს უკან შემობრუნებაა, რომელზეც ევროკავშირს რეაქცია აუცილებლად ექნება. ევროკავშირში ინტეგრაცია დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, როდესაც რეფორმებს ახორციელებ, სარგებელს იღებ, როგორც უვიზო მიმოსვლა ან ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობაა. როდესაც საქართველო ამ გზაზე უკან დაიხევს, თქვენ ამ ყველაფერს დაკარგავთ და ამ შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დარღვევებთან და რეპრესიებთან დაკავშირებით, ჩვეულებრივ, ევროკავშირი სანქციებს დააწესებს. მაგრამ ჩვენ ქართველ ხალხს ვარწმუნებთ, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია. ეს პრინციპული არჩევანია და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ როგორი მომავალი სურთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში