პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცნობს.

პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პარლამენტში “გირჩის“ ავტორობით წარდგენილ და “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებულ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს.

“საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება იმისა, საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნის შესაბამისად დააკომპლექტონ. ამავე პროექტით, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-ისა.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ევროპული პერსპექტივის მინიჭებისას, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი გენდერული თანასწორობა იყო. სალომე ზურაბიშვილი მოტივირებულ შენიშვნებში აცხადებს, რომ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივების გათვალისწინებით, აღნიშნული რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალა.

“შესაბამისად, სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმების თაობაზე კანონის მიღება აშკარა რეგრესი და უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ამახვილებს ყურადღებას, აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა თავისი არსით არის როგორც გამოწვევა, ასევე მნიშვნელოვანი ინტერესის საგანი დემოკრატიული საზოგადოებისთვის - იგი უზრუნველყოფს მეტად ინკლუზიურ, დაბალანსებულ და რაც მთავარია, პლურალისტურ წარმომადგენლობას.

“პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში. ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით განხორციელებულმა ცალკეულმა ცვლილებებმა კვლავინდებურად ვერ მოახდინა არსებითი გავლენა პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდაზე. ამ ფონზე პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები კიდევ უფრო გააუარესებს ქალთა წარმომადგენლობას პოლიტიკაში“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის - ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო