შალვა პაპუაშვილი - ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბალტიელი პარტნიორების მთავრობებში ზოგიერთი მეტისმეტად შორს გაიტაცა საკუთარმა რიტორიკამ. მისი თქმით, "სამყაროს შავ-თეთრად წარმოდგენამ ისინი მიიყვანა მდგომარეობამდე, რომელშიც ყველა, ვინც მათ რიტორიკას არ ეთანხმება, ავტომატურად მტრად იქცევა".

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ, დიდი ხანია, დაამტკიცა ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ.

"ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში.

მიმართო აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებსაც რადიკალური ოპოზიციური პარტიები მთავრობის წინააღმდეგ მართავენ და უწოდო მათ „მთელი ერი“ ისეთი საქციელია, რომელსაც საბჭოთა ან რუსი პროპაგანდისტებისგან უფრო მოელი, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან. თანაც, ხელი შეუწყო დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის მცდელობას იმის გამო, რომ მის მიერ მიღებული კანონმდებლობა არ მოგწონს, საბჭოთა სახელმძღვანელოდან გადმოწერილს ჰგავს.

ჩვენი ბალტიელი პარტნიორების მთავრობებში ზოგიერთი მეტისმეტად შორს გაიტაცა საკუთარმა რიტორიკამ. სამყაროს შავ-თეთრად წარმოდგენამ ისინი მიიყვანა მდგომარეობამდე, რომელშიც ყველა, ვინც მათ რიტორიკას არ ეთანხმება, ავტომატურად მტრად იქცევა; მტერს ნებისმიერი საშუალებით უნდა გაუსწორდე; და, ამიტომაც, დიპლომატია პროპაგანდით უნდა ჩაანაცვლო. ყველა, ვინც საბჭოთა და რუსეთის თანამედროვე ისტორიაშია გარკვეული, უცებ იცნობს ამ სტილს.

ეს ყოველივე არასწორია. საქართველოს მთავრობამ, დიდი ხანია, დაამტკიცა ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ. თუმცა, დღესდღეობით, ნატო-ს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალი გამოწვევების გამკლავება, საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, მათ შორის, რადიკალურ ჯგუფებშიც.

უცხოური გავლენის გამჭვირვალების კანონმდებლობა ამ გამოწვევის საპასუხოდაა მიღებული, რომელსაც აქვს პრეცედენტი დასავლეთში და დემოკრატიული მმართველობის ფარგლებშიც ჯდება. ამ კანონის მონათვლა „რუსულად“ მას არადემოკრატიულად არ აქცევს. მეტიც, არ ამართლებს საქართველოს მთავრობაზე თავდასხმას.

ზოგი, ვისაც კანონი შეეხება, მას აპროტესტებს. პროტესტი, ხშირად, რადიკალური და ძალადობრივია. უცხოელი ოფიციალური პირების მიერ ამ პროტესტში მონაწილეობა, საქართველოს სუვერენიტეტისა და დიპლომატიური პრაქტიკის უგულებელყოფით და „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების“ სახელით, უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში - ქვეყნის აყირავების მცდელობა.

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა. ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ, ჩრდილოეთიდან,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე პლატფორმა X-ზე.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024