შალვა პაპუაშვილი - სიმართლე არის ის, რომ უცხო ქვეყნებიდან ქართველ ხალხზე გავლენის მოხდენის მცდელობაა

განცხადებებს რომ ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა და არა სიმართლეს, ჩვენ ისეთი განცხადებები მოვისმინეთ ევროპელი მინისტრებისგან ანტისამთავრობო მიტინგზე, რომ მაშინ ამას უნდა ავყვეთ, მაგრამ ჩვენ ხომ ჭეშმარიტება და სიმართლე გვაინტერესებს?! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტნიორების მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, სიმართლე არის ის, რომ უცხო ქვეყნებიდან ქართველ ხალხზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.

„ჩვენ, ქართველებს რა გვაინტერესებს? ჩვენი ქართული და ევროპული ღირებულება მთავარ რამეს გვკარნახობს, რომ ყოველთვის ვიყოთ სიმართლის მხარეს და არა განცხადებებისა და აღქმების. ვეძიოთ ჭეშმარიტება. განცხადებებს რომ ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა და არა სიმართლეს, ჩვენ ისეთი განცხადებები მოვისმინეთ ევროპელი მინისტრებისგან ანტისამთავრობო მიტინგზე, რომ მაშინ ამას უნდა ავყვეთ, მაგრამ ჩვენ ხომ ჭეშმარიტება და სიმართლე გვაინტერესებს?! ჭეშმარიტება და სიმართლე არის შემდეგში - დღეს ბევრ ქვეყანას, მაგრამ საქართველოს განსაკუთრებით, აქვს გამოწვევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ქართველ ხალხზე მცდელობა უცხო ქვეყნებიდან, ამაში იგულისხმება აბსოლუტურად ყველა ქვეყანა, მტერიც და მოყვარეც. ხდება გავლენის გავრცელება ქართველ ხალხზე. ამ გავლენისთვის შემოსული დაფინანსება არის ქართველი ხალხისთვის გაუმჭვირვალე, მათ შორის ევროპული ფული და ამერიკული ფული არის ნაწილობრივ გაუმჭვირვალე. ევროპული ფული იხარჯება ისეთ აქტივობებზე, რომელშიც კეთილსინდისიერი დონორი არ უნდა ხარჯავდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვიღაცას აქვს შიში, რომ ამ რეგულირებით საზოგადოებისთვის აშკარა გახდება რაში იხარჯება მათი ფული.

„თუკი ვინმეს შიში აქვს, რომ ეს ნათელი და გამჭვირვალე გახდება, ამის საფუძველზე არ უნდა მოხდეს ქართველ ხალხზე თავდასხმა, სანქციების მუქარა და ა.შ, რაც ზოგიერთი პოლიტიკოსისგან გვესმის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ძალადობა ყველას მიმართ არის მიუღებელი და დასჯადი, თუმცა, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კონსტიტუციას არ არღვევს.

„როდესაც ჩვენ ვიღებთ კანონებს, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს კონსტიტუციაზე და კანონებს ვწერთ იმის გაცნობიერებით, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს კანონი კონსტიტუციას არ არღვევს და ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. რაც შეეხება შანტაჟს, მუქარას და ასე შემდეგ, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ცდილობს, აქ არის ორი განზომილება, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს არა სანქციების იმედით თუ შიშით, არამედ ქართველი ხალხის მანდატით. ეს არის ჩვენი განმაპირობებელი, თორემ სანქციებით ხან რუსეთი გვემუქრება, ხან ვინ და ხან ვინ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო