საბა ბუაძე - ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში, არის ამ ხელისუფლების პანიკური და აგონიური რეაქცია - ივანიშვილის და მისი მარიონეტების მიმართ პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება

ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში, არის ამ ხელისუფლების პანიკური და აგონიური რეაქცია, - ამის შესახებ „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საკრებულოს დეპუტატმა, საბა ბუაძემ აღნიშნა.

მისივე თქმით, ჩვენ ვნახეთ პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც დიახაც არიან ამ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის ნაწილები.

„ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში, არის ამ ხელისუფლების პანიკური და აგონიური რეაქცია. ეს არის ძალიან ცალსახა ხაზგასმა იმისა, რომ ეს პროტესტი მიმდინარეობს სწორი მიმართულებით და ზუსტად ამას უკავშირდება ის ძალადობა და ძალადობის მცდელობები, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ. პირველ რიგში, მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ გამოაქვეყნოს სრული ინფორმაცია დაკავებულებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რამდენი ადამიანი არის დაკავებული, უნდა ვიცოდეთ როგორი არის მათი მდგომარეობა და ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან უნდა ვიცოდეთ რეალურად რა ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ ის ძალიან ბევრი ძალადობის შემთხვევა, რომელიც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ, არ დარჩეს პასუხგაუცემელი. თითოეულმა პოლიციელმა, თითოეულმა ფორმიანმა ადამიანმა და საჯარო სექტორში დასაქმებულმა თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მათზე არის პასუხისმგებლობა, არ გახდნენ ამ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის თანამონაწილეები. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც დიახაც არიან ამ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის ნაწილი და არავის ეგონოს, რომ ნიღბებს ამოეფარებიან და ამით გაექცევიან პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება ივანიშვილის მიმართაც და მისი მარიონეტების მიმართაც, მაგრამ ასევე დადგება თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ძალადობს ქართველ ახალგაზრდობაზე, სკოლის მოსწავლეებზე მათ შორის, სტუდენტებზე მათი თავისუფალი და მშვიდობიანი პროტესტის გამო. ეს ტერორის მცდელობა იქნება ფუჭი იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ახალგაზრდობას ეს ვერ გააჩერებს. ამ ქვეყანაში საქართველოს გადარჩენის საქმეს ეს ვერ გააჩერებს, ამიტომაც ყველას ვალდებულებაა იდგეს მორალურადაც და სამართლებრივადაც სწორ მხარეს“, - განაცხადა ბუაძემ.

ამავე ბრიფინგზე „ლელოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ რუსული ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ ორგანიზებული ტერორი მიმდინარეობს.

„გადასული არიან ღია ტერორზე, როგორც ბოლო შემთხვევაში ბატონი ქაცარავა მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავეს პოლიციის ფორმაში დაკავებულმა ადამიანებმა და სასიკვდილოდ ნაცემი დააბრუნეს საავადმყოფოში. ეს არის უკვე ღია ტერორი, მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მხოლოდ ფარატინა განცხადებები არ კმარა, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით და ვნახეთ, ხშირს შემთხვევაში ზოგის სახეები ამოცნობილია და თქვენ ამაზე რეაგირება არ გაქვთ. ეს არის დანაშაულებრივი უმოქმედობა. მივმართავ რუსული ხელისუფლების ქვედანაყოფს, პროკურატურას, თქვენ ყოველდღიურად ჩადიხართ დანაშაულს, ვინაიდან ხართ ზედამხედველი პროცესზე და თქვენ განზრახ არ ასრულებთ საკუთარ უფლება-მოვალეობებს.

მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს, ამოიღეთ ხმა რეალურად და როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა იქცევა, ისე არ უნდა მოიქცეთ! თქვენი ვალია, დაიცვათ საქართველოს მოქალაქეები. თქვენ ბრძანდებით სახალხო დამცველი და არა რუსული ხელისუფლების დამცველი. და ბოლოს, ამას ძალიან დიდი ხანდაზმულობის ვადა აქვს და არცერთს ეს დანაშაული არ შერჩებათ. მივმართავ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას - დაიწყეთ გამოძიება და დაწყებულ გამოძიებაზე სწრაფად იმოქმედეთ“,- განაცხადა სამუშიამ.

„ლელოს“ წევრების განცხადებებს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების პროდუქციაზე
„რატომაც ვანდობთ ამ სკოლას ჩვენთვის უძვირფასესს - შვილებს, ნათია ჯანაშიამ შექმნა“ – მშობლები ბრიტანულ–ქართული აკადემიის დირექტორს მხარს უჭერენ
Bist-ის თანამშრომლების განცხადება