„ხალხის ძალა“ ევროპელ მინისტრებზე - მეგობრის სტატუსით ჩამოსულმა რევიზორებმა აქციისთვის განკუთვნილი სცენა დაიკავეს და რევოლუციისკენ მოუწოდეს - სხვა დროს, ვიდრე სტუმარს კარს გავუღებთ, სტუმრობის მიზანი ყურადღებით უნდა შევისწავლოთ!

მსგავსი მარაზმი რომ აღარ განმეორდეს, რაც ევროპული ქვეყნების მინისტრების უკანონო და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში - ანტისახელისუფლებო მიტინგზე მისვლასა და იქიდან საქართველოსადმი თითის ქნევაში გამოიხატა - სხვა დროს სანამ სტუმარს კარს გავუღებთ, მათი სტუმრობის მიზანი უფრო ყურადღებით უნდა შევისწავლოთ! - ასე ეხმაურება საქართველოში ევროპელი მინისტრების ვიზიტს “ხალხის ძალა“.

“ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “საქართველოში მეგობრის სტატუსით ჩამოსულმა რევიზორებმა საპროტესტო აქციისთვის განკუთვნილი სცენა დაიკავეს და იქ შეკრებილ ხალხს პირდაპირ რევოლუციისკენ მოუწოდეს“. მათივე შეფასებით, “უცხოელი საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც გუშინ ტრიბუნიდან საქართველოს “მაიდანიზაციას“ ცდილობდნენ, გლობალური ომის პარტიის უმნიშვნელო პაიკები არიან, რომლებიც ყოველთვის იმას გააკეთებენ, რასაც დაავალებენ“.

როგორც “ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “აშკარაა, რომ გლობალური ომის პარტია ცდილობს, საქართველოში მორიგ ჯერზე მაიდანიზაციის პროცესი დაიწყოს“.

“უკიდურესი შეშფოთებით ვადევნებდით თვალს გუშინ, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ მიმდინარე მოვლენებს. ის, რაც რამდენიმე ასეული მომიტინგის თანდასწრებით ოთხი ქვეყნის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იკადრეს, ეს იყო ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნისა და მისი სუვერენიტეტის დამცირებისა და ფეხქვეშ გათელვის მცდელობა. საქართველოში მეგობრის სტატუსით ჩამოსულმა რევიზორებმა საპროტესტო აქციისთვის განკუთვნილი სცენა დაიკავეს და იქ შეკრებილ ხალხს პირდაპირ რევოლუციისკენ მოუწოდეს. განსაკუთრებული სითავხედით გამოირჩეოდა ესტონელი მარგუს ცანკა, რომელმაც ჭკუის სწავლებაც კი დაგვიწყო და გადაწყვიტა ჩვენთვის მიეთითებინა, რომ "თავისუფლება არ მოიპოვება ფასის გადახდის გარეშე"...

ამ უგუნურმა განცხადებამ, ჯერ ერთი, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არსად გამქრალა, ხოლო გლობალური ომის პარტიის სურვილი, რომ საქართველო შესწირონ რუსეთის დასუსტების ამოცანას, ჯერ კიდევ აქტუალურია. მეორე - საქართველოში სტუმრად ჩამოსული უცხო ქვეყნის მინისტრი ბედავს და ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს ქართველ ხალხს ელაპარაკება, რომ თავისუფლება, თურმე ფასის გადახდის გარეშე არ მოიპოვება. ამას უბედავს იმ ხალხს, რომელმაც ყველაზე მეტი იბრძოლა საბჭოთა იმპერიიდან გათავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო; იმ ხალხს, რომელმაც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ორი ომი გადაიტანა თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. თანაც, თავისუფლებისთვის “ფასის გადახდაზე“ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას ცდილობს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყოველგვარი გართულების გარეშე გახდა ნატოსა და ევროკავშირის წევრი, უსაფრთხოების ქოლგა გადაიფარა, ხოლო ჩვენ, დღემდე შიშველი ხელებით ვებრძვით შინაურ თუ გარე მტრებს.

დღეს უკვე აშკარაა, რომ გლობალური ომის პარტია ცდილობს, საქართველოში მორიგ ჯერზე დაიწყოს მაიდანიზაციის პროცესი. ბოლო წლებში ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“ უკვე ჰქონდათ რევოლუციის სამი წარუმატებელი მცდელობა.

2020 წელს რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა რევოლუციის მოწყობა, რაც ჩაუვარდათ;

2021 წელს ბარიკადებზე ჟურნალისტები ავიდნენ, მაგრამ მათი მცდელობაც ჩაფლავდა;

2022 წელს რევოლუციურ პროცესს ენჯეოები ჩაუდგნენ სათავეში, მაგრამ ხალხი არც მათ გაჰყვა;

ამჟამად, 2024 წელს უკვე დონორები გამოვიდნენ ასპარეზზე და დღეს თვალს ვადევნებთ მათ მცდელობას, მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება.

უცხოელი საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც გუშინ ტრიბუნიდან ცდილობდნენ საქართველოს „მაიდანიზაციას“, გლობალური ომის პარტიის უმნიშვნელო პაიკები არიან, რომლებიც ყოველთვის იმას გააკეთებენ, რასაც მათ დაავალებენ. ზუსტად ისეთივე უმნიშვნელო პაიკები, როგორიც არიან საქართველოში ერთი დღით ადრე სტუმრად მყოფი ევროპელი პოლიტიკოსები. ისინი ასრულებენ დავალებას, რაც რადიკალიზმის წახალისებაში გამოიხატება და თავად ავიდნენ სცენაზე, რომ რევოლუციური პროცესის დაწყებას მისცენ ბიძგი. ოღონდ, გლობალურ ომის პარტიას და მათ აგენტურას იმედი უნდა გავუწბილოთ - მათი მცდელობები ისევე არის განწირული მარცხისთვის, როგორც წინა სამ შემთხვევაში.

ქართველი ხალხი ბრძენია და კარგად ხედავს იმ საფრთხეებს, რასაც საქართველოს მაიდანიზაცია და მისი შედეგი - ომში გარდაუვალი ჩართვა მოუტანს. ქართველებმა ბევრი მსხვერპლი გავიღეთ თავისუფლებისთვის და ეს ჩვენი ბრძოლა იმისთვის არ ყოფილა, რომ ერთი ბატონი სხვა ბატონებით ჩავანაცვლოთ.

როდესაც უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები და მინისტრები სიტყვით გამოდიან ანტისამთავრობო მიტინგზე და რევოლუციური მოწოდებებს აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი არაფრად აგდებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი ქმედება უდიდესი პოლიტიკური სკანდალი იქნებოდა.

მართალია, ჩვენი ქვეყანა ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს რეალური სუვერენიტეტის აღდგენისკენ, თუმცა სახელმწიფოსადმი ასეთი უდიერი დამოკიდებულების მოთმენა არ არის სწორი. სწორედ ამიტომ ვწერდით რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ წერილში, რომ ხელისუფლებას უნდა ემსჯელა, რამდენად სწორი იყო ამ ადამიანების შემოშვება ქვეყანაში. დღეს უკვე თითოეული ჩვენი მოქალაქე დარწმუნდა, რომ მართლები ვიყავით. სწორედ ამიტომ, სხვა დროს რომ აღარ განმეორდეს მსგავსი მარაზმი, რაც ევროპული ქვეყნების მინისტრების უკანონო და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში - ანტისახელისუფლებო მიტინგზე მისვლასა და იქიდან საქართველოსადმი თითის ქნევაში გამოიხატა - სხვა დროს სანამ სტუმარს კარს გავუღებთ, უფრო ყურადღებით უნდა შევისწავლოთ მათი სტუმრობის მიზანი“, - ნათქვამია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით