სერგი კაპანაძე - ევროკავშირის მინისტრები მივიდნენ ხალხთან, საქმე იქამდე არ უნდა მიიყვანო, რომ ხალხის და მთავრობის გზები ასე გაიყოს -  ლანდსბერგისი კი გულისხმობდა სუვერენიტეტის გაერთიანებას და არა დათმობას, დათმობა არის ის, რასაც რუსეთი გეუბნება

მინისტრები მივიდნენ ხალხთან იმისათვის, რომ ხალხისთვის გამოეცხადებინათ მხარდაჭერა - მათი მხრიდან ეს იყო არა პოლიტიკური მხარდაჭერის ჩვენება ოპოზიციისადმი, არამდე ეს იყო ხალხისადმი მხარდაჭერის ჩვენება, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ საპროტესტო აქციებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, საქმე იქამდე არ უნდა მიიყვანო, რომ ხალხის და მთავრობის გზები გაიყოს.

“როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში ჩადიხარ, ჩადიხარ ხალხის წარმომადგენელ მთავრობასთან. როდესაც ხვდები მთავრობას, უშვებ იმას, რომ ის არის ხალხის მიერ არჩეული და წარმოადგენს მათ ინტერესებს. ქვეყნის ისტორიაში არის შემთხვევები, როდესაც ნათელი ხდება, რომ მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ინტერესს. ეს იყო ეს შემთხვევა ზუსტად. მიტინგზე მისული მინისტრები მივიდნენ ხალხთან სასაუბროდ. ტყუილია, რომ ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული მიტინგი იყო, როდესაც ტყუილზე აგებ ჰიპოთეზას, შემდეგ ყველაფერი არის სისულელე. მინისტრები მივიდნენ ხალხთან იმისათვის, რომ ხალხისთვის გამოეცხადებინათ მხარდაჭერა. სამწუხაროდ, დღეს არის ისეთი რეალობა, რომ ხალხი ერთ მხარეს არის, ხელისუფლება მეორე. მინისტრების მხრიდან ეს იყო ჩვენება ოპოზიციისადმი არა პოლიტიკური მხარდაჭერის, არამდე ეს იყო ხალხისადმი მხარდაჭერის ჩვენება.

სხვანაირად შევატრიალოთ კითხვა: მინისტრები მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს რომ შეხვედროდნენ, მაშინ რა გამოდის, მთავრობას უჭერენ მხარს ხალხის წინააღმდეგ? ასე უნდათ რომ პოზიციონირდნენ ჩვენი პარტნიორები? როდესაც ხელისუფლებაში ხარ, საქმე იქამდე არ უნდა მიიყვანო, რომ ასე გაიყოს გზები ხალხის და მთავრობის. როდესაც ასეთი დილემები შეიქმნება, ჭკუა უნდა გეყოს, რომ შენი პარტნიორი ქვეყნის მინისტრებს არ დასდო ბრალი, რომ რუსეთის თამაშს თამაშობენ და გადატრიალებას გიწყობენ“, - განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, კაპანაძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სუვერენიტეტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე და ამასთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლების განცხადებაზე ისაუბრა.

კაპანაძის თქმით, როდესაც სუვერენიტეტის დათმობაზე საუბრობენ, ეს არის პროპაგანდისტული ტერმინი, რადგან სუვერენიტეტის დათმობას ევროკავშირი არ ითხოვს.

„ევროკავშირში ტერმინოლოგია, რაც გამოიყენება ეს არის სუვერენიტეტის გაერთიანება. სუვერენიტეტის დათმობა იქნება მაშინ, როდესაც ის გთხოვს რაღაცის დათმობას, მაშინ, როდესაც თვითონ არაფერს ცვლის. ეს არის დათმობა, ამ შემთხვევაში ყველა თანაბრად „თმობს“. თუ შენ გინდა ევროკავშირში შესვლა და თან რეპრესიული მანქანა გქონდეს შენარჩუნებული, ხარება გყავდეს, დამოუკიდებელი სასამართლო არ გქონდეს და ა.შ., ეს არ არის სუვერენიტეტის დათმობა. მაშინ შენ არ გინდა იმ თამაშის წესებით თამაში, არ გინდა ევროკავშირი. თუ სუვერენიტეტის დათმობას ეძახი იმას, რომ შენი ვალუტა არ გექნება, ან შენი სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას ვერ მოახდენ, ეს არის ის დათმობა, რომლის სანაცვლოდ სხვებმაც იგივე რამ დათმეს და მიიღეს უფრო მეტი სიკეთე.

სუვერენიტეტის დათმობა არის ფუნდამენტურად არასწორი სიტყვა, დათმობა არის, ის რასაც რუსეთი გეუბნება.

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ეს ტერმინი გამოიყენა, მაგრამ ის უკვე ევროკავშირის წევრია და ამას გულისხმობს სწორედ, არა იმას, რომ არ გქონდეს სუვერენიტეტი”, - განაცხადა კაპანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო