საია-ს თავმჯდომარე - პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ბევრად უფრო მძიმე ვერსია მიიღო, ვიდრე პირვანდელი ვარიანტი იყო - ეს არის მალულად ჩამატებული მუხლები!

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ბევრად უფრო მძიმე ვერსია მიიღო, ვიდრე პროექტის პირვანდელი ვარიანტი იყო - ყველაზე საგანგაშოა ის, რომ ეს არის მალულად ჩამატებული მუხლები და მასზე კომიტეტის ფარგლებში მსჯელობა არც ყოფილა! ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ როგორ შეიძლება კანონი ხელისუფლებამ თანდათან დაამძიმოს და შეახოს ყველას, ვინც განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განუცხადა.

როგორც ქურდოვანიძე განმარტავს, კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტში ასახული ცვლილების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირს პერსონალური ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს და მისი წარუდგენლობისთვის 5 000 ლარით დააჯარიმოს.

ქურდოვანიძის თქმით, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში დამატებულია მუხლი, რომლის თანახმად, დაკისრებული ჯარიმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება ჯარიმების გადახდას არ აჩერებს.

როგორც საია-ს ხელმძღვანელი აცხადებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ უკანონოდ დაჯარიმებული პირი სასამართლოში საჩივარს შეიტანს, ვალდებული ხდება, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯარიმა მაინც გადაიხადოს, რაც სასამართლოში დავას აზრს უკარგავს.

“ჩვენ ეს ცვლილება ახლა ვნახეთ, რაც სრულიად მოულოდნელი იყო. ჩვენ საკომიტეტო განხილვებში ვმონაწილეობდით როგორც პირველი, ასევე მეორე მოსმენით განხილვის დროს. კომიტეტის სხდომებზე აღნიშნულ საკითხზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. კანონპროექტის ჩასწორებული ვარიანტი არც მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვაზე ყოფილა წარმოდგენილი - კომიტეტის სხდომაზე ამაზე საუბარი არ იყო!

მას შემდეგ, რაც ეს ცვლილება აღმოვაჩინეთ, ვნახეთ პლენარული სხდომის ჩანაწერი მეორე მოსმენით განხილვისას - როგორც ჩანს, მეორე მოსმენისას, პლენარულ სხდომაზე ჩასწორებული ვერსია წარადგინეს, რადგან პროექტის სესიაზე წარდგენისას წარმდგენი ამბობს, რომ ამგვარი ცვლილებები არის ასახული.

ეს შოკისმომგვრელია, რადგან ასეთ ცვლილებებზე საკომიტეტო განხილვის ფარგლებში საუბარი საერთოდ არ ყოფილა - “ქართული ოცნების“ არც ერთ დეპუტატს ამაზე არაფერი არ უთქვამს.

ეს ჩანაწერები კიდევ უფრო აუარესებს და ამძიმებს კანონპროექტს, რადგან არამხოლოდ იურიდიული, არამედ ფიზიკური პირების პასუხისმგებლობასაც ადგენს.

ფრაზას რასაც პლენარულ სხდომაზე პროექტის წარმდგენი ამბობს, ვერავინ მიაქცევდა ყურადღებას, რადგან მოლოდინი იმისა, რომ პროექტი ჩასწოდებოდა, არავის ჰქონდა, კომიტეტის სხდომაზე "ქართულ ოცნებას" არ უთქვამს, რომ ის რაიმეს შეცვლას აპირებდა.

საბოლოო მოსმენით მიღებული კანონპროექტი უკვე ეხება ფიზიკურ პირებს“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

საია-ს ხელმძღვანელის შეფასებით, კანონპროექტში გაკეთებული დამამძიმებელი ჩანაწერები კიდევ უფრო მეტად ქმნის ისეთ რეალობას, რომ პერსონალური მონაცემების დაცვას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

“ის, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კანონპროექტზე ამ დრომდე შეფასება და განცხადება არ გაუკეთებია, ეს კიდევ ერთი საგანგაშო რამ არის, რადგან ეს ინსტიტუტი თავისი მანდატით არის დამოუკიდებელი. პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე მისი ვალდებულებაა პოზიცია ჰქონდეს“, - აღნიშნა ქურდოვაძემ.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი