ვანი ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს

მუზეუმების საერთაშორისო დღე, 18 მაისი, საქართველოში აღინიშნება ქალაქ ვანში გამოფენის „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“ გახსნით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, ექსპოზიციას, რომელიც თავდაპირველად საქართველოს დედაქალაქში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში იყო წარმოდგენილი, ახლა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი მასპინძლობს.

„გამოფენა, რომელიც მოიცავს გასაოცარ არქეოლოგიურ მასალას იტალიის სამი მუზეუმიდან (კიუზის ეტრუსკული, კიანჩანო ტერმეს არქეოლოგიური და ფლორენციის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმების კოლექციებიდან), მნახველს სთავაზობს, იმოგზაუროს იდუმალებით აღსავსე ეტრუსკულ სამყაროში და გაეცნოს ეტრუსკების ყოფასა და სარწმუნოებას, მათ წარმოდგენებს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ადათ-წესებსა და ტრადიციებს, დამწერლობასა და ადამიანთა გამოსახულებებს.

გამოფენის მიზანია, კანოპების, სკულპტურების, ბუკეროსა და ბრინჯაოს ჭურჭლის, კერამიკული და ოქროს ნაკეთობების მეშვეობით წარმოაჩინოს ეტრუსკული სამყაროს მრავალფეროვნება. გამოფენილ ექსპონატებს შორის კოლხეთთან დაკავშირებული ორი ნაკეთობაცაა: ძვ.წ.400-380წწ. დათარიღებული თიხის კრატერი (თასი) და ბრინჯაოს სარკე (ძვ.წ.300-275წწ.) არგონავტების მითის გამოსახულებით.

გამოფენას იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გახსნიან. ღონისძიებას დაესწრებიან ფლორენციის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი მარიო იოცო, კიუზის მუზეუმის დირექტორი ფაბრიციო ვალელონგა, ექსპოზიციის კურატორი ანტონელა მაგანინი და Glocal Project Consulting-ის ხელმძღვანელი ალესია აუტუორი.

გამოფენა, რომელიც საქართველოში ხორციელდება იტალიის საელჩოს მიერ, ტოსკანას მუზეუმების რეგიონულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით და იტალიური კომპანია Glocal Project Consulting-ისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საორგანიზაციო ხელშეწყობით, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით დარჩება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა