შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახლა უკვე ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა - „ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთ“, ხალხის დაცინვაა

კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახლა უკვე ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ქართველი ხალხის დაცინვაა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ კანონი უნდა გაუქმდეს.

მისივე თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

„ეს არის საზოგადოების დაცინვა. ქალბატონმა სალომემ ყველა მეთოდი გამოიყენა იმისთვის, რომ აჩვენოს ერთი რამ: ის თავს არ მიიჩნევს ამ ქვეყნის მოქალაქედ, კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის და ეს ხალხი მას თავის ხალხად არ მიაჩნია. ქართველ ხალხს დასცინის, რომ ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთ. ეს ხომ საერთოდ ქართველი ხალხის დაცინვაა. კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახლა უკვე ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა. ტექნიკურად წარმოდგენილი არის ეს პროექტი. ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ უცხოელების ჭარბი ჩარევა ერთ რამეს გვაჩვენებს - ალბათ, ეს კანონი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია. რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ კანონის ქართულობას. იმდენი უცხოელი ჩაერია ამ საკითხში, თავად რომ არიან დონორები და აფინანსებენ, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ეს ზუსტად აჩვენებს იმას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც ეს პარლამენტი იღებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოს დავძლევთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როგორც კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით შინაარსობრივი მსჯელობის იმედი გაჩნდა, „იმავე მომენტში წინმსწრებით ჩაკეტა სალომე ზურაბიშვილმა“.

„შეიძლება ზოგიერთი მიხვდა კიდევ რამდენად აბსურდი იყო იმ იდეებზე პრეტენზიების წაყენება საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. ჩვენც განვაცხადეთ, რომ თუკი არის სურვილი, კი ბატონო. აქამდე 2 თვე დისკუსიის შანსი ხელიდან გავუშვით, ახლა დარჩენილი არის 2 კვირა. ტექნიკურად არის შესაძლებელი, რომ ვეტოს მეშვეობით აისახოს, თუკი რაიმე ღირებულს შემოგვთავაზებთ და შევთანხმდებით. ვეტო არის ტექნიკური საშუალება იმისთვის, რომ ეს კანონში აისახოს, ვხედავდით ჩვენ ასევე მზაობას ზოგიერთი უცხოელი აქტორისგან, სალომე ზურაბიშვილმა ესეც ჩაკეტა. არ ვიცი ვინ, საიდან და რა დავალებებს იღებს, მაგრამ ფაქტია, როგორც კი შინაარსობრივი მსჯელობის იმედი და ნაპერწკალი გამოჩნდა, იმავე მომენტში წინმსწრებად ჩაკეტა სალომე ზურაბიშვილმა. შეგვიძლია ვიმსჯელოთ ვისი დავალებებით მოქმედებს ამ შემთხვევაში ადამიანი, რომლის ამოცანა უნდა იყოს პირიქით, მშვიდი მსჯელობის ხელშეწყობა და ა.შ. ეს არის წესით მისი ფუნქცია, მაგრამ ვხედავთ, რომ პირიქით არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან განმარტა, ვეტო დღეს ბიუროს მეშვეობით გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელსაც კომიტეტი განიხილავს და შემდეგ სასესიო კვირაში ვეტოზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო