მიხეილ დაუშვილი - იმდენად დიდი ბუნდოვანება და ბევრი კითხვაა „ოფშორების კანონთან“ დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორია პრეზიდენტის ვეტო - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ან ვის ემსახურება „ოფშორების პროექტი“

იმდენად დიდი ბუნდოვანება და ბევრი კითხვაა "ოფშორების კანონთან" დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორია პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო - სანამ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას ეცდება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ან ვის ემსახურება "ოფშორების პროექტი", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას განაცხადა.

საკომიტეტო განხილვისას დაუშვილი დაინტერესდა, თუ რამდენად სწორია ამდენად კომპლექსური კანონის მიღება ისე, რომ რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) ჩატარებული არ არის და არავინ იცის, ამ ახალ რეგულაციას რა დადებითი თუ ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკასა და საფინანსო სისტემაზე.

“უმრავლესობის წევრები გვიმტკიცებენ, რომ ეს არის კანონი, რომელიც ორიენტირებულია ინვესტიციების მოზიდვაზე და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე. დავუშვათ, რომ ასეა, რა ედგა ან რა უდგას წინ იმას, რომ ამაზე ჩატარდეს სრულყოფილი RIA - სრულყოფილი RIA-ს ფარგლებში ყველამ დავინახოთ და ჩვენი მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ ეს კანონი ემსახურება და მოემსახურება ქვეყნის ეკონომიკის და საფინანსო სისტემის გაძლიერებას. თუ ამაზე დარწმუნებულები არიან უმრავლესობის წარმომადგენლები, მაშინ რატომ არ უნდა ჩატარდეს RIA, რათა ჩვენც დავრწმუნდეთ, იქნებ მხარსაც ვუჭერთ საერთოდ ამ პროექტს.

მეორე, თუ ინვესტიციების მოზიდვაზეა ეს პროექტი ორიენტირებული, რატომ არის ჩაკეტილი 100%-იანი წილის ფლობით და ამის გადმოტანით, ვიღაცას ხომ შეიძლება ჰქონდეს 90%, 30%, პორტფელური ინვესტიცია ხომ შეიძლება ვიღაცამ განახორციელოს? თუ ეს პროექტი ინვესტიციების შემოტანას ემსახურება, მაშინ ასეთ ხალხს რატომ ვუშლით ხელს?

მესამე, ამ პროექტით ჩაკეტილია ის, რომ ტრანზაქცია უნდა განხორციელდეს იმ კომპანიებს შორის, რომელიც უკვე არსებობს, მომავლის ტრანზაქციები ჩაიკეტა, ამას რატომ უშლის ხელს?

ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს. ორ დღეში მიღება ამ პროექტის, არავითარი კვლევა ჩატარებული არ არის, სექტორთან გავლილი არ არის, არც პირველ რიგში ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. კითხვა ჩნდება, რა შეიძლება იყოს მოტივაცია, რატომ უნდა უნდოდეს ოფშორში არსებულ კომპანიას გადმოვიდეს აქ - მოტივაცია შეიძლება იყოს პოზიტიური, შეიძლება არსებობდეს ნეგატიური. ნეგატიური მოტივაციების შემთხვევაში ჩვენთან დაზღვევის მექანიზმები რა არის? ქვეყნის შიგნით დაზღვევის მექანიზმები საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ნეგატიური მოტივაციის მქონე კომპანიების შემოსვლით საქართველოში არ დაზიანდება ეკონომიკა და საფინანსო სისტემა?“ - განაცხადა დაუშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო