ქართველი ექიმი, მეცნიერი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.
გულიკო ჩაფიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს დაამთავრა.
1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1958–1961 წლებში მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი. 1962-1963 წლებში საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1962-1964 წლებში კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1965-1994 წლებში — თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1989 წლიდან იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი. 1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა აკად. გ. ჩაფიძის სახელი. 1994-2014 წლებში იყო აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი. 2011 წლიდან ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი. ავტორია 4 მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის. 8 საკანდიდატო 3 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. ის იყო კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. მიღებული აქვს უამრავი მედალი, ჯილდო და სიგელი (მათ შორის ამერიკის).
1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა - „რეგიონალური სისხლის მიმოქცევის ზოგიერთი თავისებურებანი ჰიპერტონული დაავადების დროს“. სადოქტორო დისერტაციის თემა „მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობის თავისებურებანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და მიმდინარეობის პროგნოზირება“.