კონგრესმენი სტივ კოენი - რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა, მაგრამ „ოცნება“ როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს - მათი გრავიტაცია რუსეთისკენაა

ნათელია, რომ “ოცნება” “ოცნება” არაა, “ეს ცუდი სიზმარია”, ცუდი ოცნება - მას არ შეუსრულებია ის პირობა, რომელიც ქართველ ხალხს მისცა წლების წინ, - ასე აფასებს საქართველოში განვითარებულ პროცესებს ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი, ტენესის შტატის დემოკრატი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის წევრი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საუბრობს იმაზე თუ რას უნდა ელოდოს საქართველოს ხელისუფლება აშშ-საქართველოს პარტნიორობის ამ ეტაპზე.

„ვფიქრობ შეერთებულ შტატებს, ევროპის უმეტესობის მსგავსად, ნაკლები სურვილი ექნება მიიღოს, კარი გაუღოს საქართველოს ევროკავშირში, რაც მგონია, რომ საქართველოს სურს და რაც ის ადგილია, საითკენაც საქართველო ეკონომიკურადაც უნდა მიილტვოდეს. კანონი, რომელიც მათ მიიღეს, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს არ მოსწონს, არ მიესალმება. ქუჩებში გამოსული ადამიანების რაოდენობა ფენომენალურია.

ეს მახსენებს იმ დღეს, როცა “ოცნებამ” არჩევნებში [პირველად] გაიმარჯვა. მაშინ ვნახეთ უამრავი ადამიანი ქუჩებში, მთავარ გამზირზე. რა თქმა უნდა, [მას შემდეგ] “ოცნება” “კოშმარად” იქცა და არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. იმის ნაცვლად, რომ მთავრობა გამხდარიყო უფრო ღია და გამჭვირვალე, კანონის მეტი უზენაესობით, ის უფრო პრორუსული გახდა. კანონი, რომელიც მათ მიიღეს, ავალდებულებს ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც დაფინანსების 20%-ს იღებს უცხოეთიდან, გამოცხადდეს უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტად. ეს ნამდვილად არ არის მაღალი სტანდარტი. არიან ჯგუფები და ადამიანები, რომლებიც დემოკრატიის, გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისთვის მუშაობენ, მაგრამ ამ ჯგუფში მოხვდებიან. ეს კი არ ნიშნავს, რომ ისინი რამენაირად უცხო ქვეყნის მთავრობების აგენტები არიან.

სამწუხაროა, რომ ეს კანონი მიიღეს. ნათელია, რომ “ოცნება” “ოცნება” არაა, “ეს ცუდი სიზმარია”, ცუდი ოცნება. მას არ შეუსრულებია ის პირობა, რომელიც ქართველ ხალხს მისცა წლების წინ“, - აცხადებს კონგრესმენი.

კონგრესმენი ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღების მიზანი „არის სამოქალაქო საზოგადოების წევრების ხმის ჩახშობა, მათი, ვინც ცდილობს, რომ დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები წინ წამოსწიოს, დაიცვას დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები, სიტყვის თავისუფლება”, რაც მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს.

„ არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” ეს სურს. ვფიქრობ, მათ რუსეთთან დაახლოება უნდათ…

როცა თბილისში ჩავედი, და მათ არჩევნებში გაიმარჯვეს, ვფიქრობდი, რომ პარტიის სახელიც შესანიშნავად იყო შერჩეული. წინა ხელისუფლებას ბევრი ცუდი ჰქონდა გაკეთებული, ბევრი კითხვის ნიშანი იყო მათ მიმართ, “ქართულ ოცნებას” კი კარგ სახელთან ერთად, კარგი კამპანია ჰქონდა, მაგრამ მათ ეს სტანდარტი ვერ დააკმაყოფილეს. ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა.

ხშირად ვხედავთ იმას, რომ ავტორიტარული მთავრობა, როცა ძალაუფლებას მიიღებს, ცდილობს ის ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს და მას დააბრალოს ის, რასაც ხშირად თავად აკეთებს.

ისინი [უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ] ორბანის მსგავსად იქცევიან, არ სურთ თავიანთ ქვეყნებში იმ ხალხის გავლენა, ვინც მათ ავტორიტარულ ძალაუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს” , - დასძენს კოენი.

კონგრესმენი ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი დასავლეთთან კავშირებს ემხრობა, რაც არ ჩანს მთავრობისგან, შესაბამისად კოენის აზრით, ეს არის მოძრაობა სტალინიზმისკენ.

„ქართველი ხალხი ნამდვილად ასე ფიქრობს, ემხრობა ევროკავშირთან, ევროპასა და ამერიკასთან კავშირებს, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს ეს ამ მთავრობისგან. ვხედავთ მოძრაობას სტალინიზმისკენ...

ვისურვებდი, საქართველოს ევროკავშირის წევრად გახდომა მენახა. ვფიქრობ, სწორედ ესაა მათი სურვილი. მაგრამ რუსეთს სურს, ისინი კვლავ გახდნენ საბჭოთა კავშირის წევრები, თავი მეორე. [16 წლის წინ] ისინი შეიჭრნენ სამხრეთ ოსეთში და ყოველგვარი სინანულის გარეშე მიიტაცეს საქართველოს ნაწილი, რომელიც კვლავ ოკუპირებული აქვთ. რუსეთი საქართველოს მეგობარი არ არის, მაგრამ „ქართული ოცნება“ როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ არის. და მათ აიღეს ეს თავისი კანონი პირდაპირ რუსეთისგან. ესაა ტიპური რუსული კანონი, რომელიც იქ აქვთ, და რითაც ისინი ემსგავსებიან რუსეთს” ,- აღნიშნავს კოენი.

კონგრესმენის აზრით, საქართველოს ხელისუფლება „უფრო მეტად არიან რუსეთისკენ გადახრილნი, ვიდრე - დასავლელი მოკავშირეებისკენ. მათი გრავიტაცია რუსეთისკენაა, რომელსაც მათი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს”.

ასევე, კოენმა უპასუხა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და ე.წ. ფარას - "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს" შორის მსგავსებასა და განსხვავებას შორის დასმულ კითხვასაც.

“ “ფარა” ეხება ლობისტურ საქმიანობას, ის არ ეხება სამოქალაქო ორგანიზაციებს, ეს მათ არანაირ პრობლემას არ უქმნის. ის გავლენას ახდენს ლობისტებზე. ორგანიზაციებზე, რომლებიც სხვა ქვეყნის მთავრობების მიზნების მიღწევას ცდილობენ. არის განსხვავება იმაში, რომ ეცადო მოახრჩო სამოქალაქო საზოგადოება ან ეცადო, რომ გაიგო, რას წარმოადგენენ ორგანიზაციები, რომლებიც შენს ქვეყანაში, მის ლიდერებზე გავლენით ცდილობენ, რეგულაციების შეცვლას სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ლობირებით”, - აღნიშნავს ის.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი