მიხეილ დაუშვილი - აშშ ამბობს: „მზად ვარ დაგეხმარო, ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით“, როგორც ნამდვილი მეგობარი - იმედია, „ქართული ოცნება“ ამ შესაძლებლობაზე მაინც არ იტყვის უარს, სისულელე არ მოიგონონ!

როდესაც ნამდვილმა მეგობარმა დაინახა, რომ ხელისუფლება მზად არის, ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს და რუსეთის პირისპირ დატოვოს, მოვიდა და გითხრა, ოღონდ შენ ეს ნაბიჯი არ გადადგა, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ დაუშვილი Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.

მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ეს არის მაგალითი, როგორ იქცევიან ნამდვილი მეგობრები.

„მათ მაშინვე, როცა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ჩვენი დახმარება დაიწყეს იმისთვის, რომ გავძლიერებულიყავით. იმისთვის, რომ ზუსტადაც ორფეხზე ვმდგარიყავით და ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ახლა, როდესაც ძალიან მძიმე დრო გვიდგას, რისკი დგას იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს, მარტო დარჩეს რუსეთთან, ამ მძიმე დროში, ნამდვილი მეგობარი მოდის და გეუბნება, რომ ოღონდ შენ ეს ნაბიჯი არ გადადგა და მე მზად ვარ, რომ დაგეხმარო როგორც ეკონომიკურად, ასევე უსაფრთხოების კუთხით, როგორც ამას ნამდვილი მეგობრები აკეთებენ“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილის თქმით, ამ შესაძლებლობებზე უარის თქმა ქვეყნის ინტერესების განადგურება იქნება.

„ახლა მთავარია, რომ რაღაც რაციონალურობა შემოვიდეს „ოცნების“ ქმედებებში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უკან წაიღონ და ეს უზარმაზარი შესაძლებლობა ქვეყანას არ დააკარგვინონ. ამ შესაძლებლობებზე უარის თქმა ქვეყნის ინტერესების განადგურება იქნება, სხვა სახელი ამას არ ჰქვია. იმედია, რომ ამაზე მაინც უარს არ იტყვიან, ამდენი რაციონალურობა მაინც აქვთ დარჩენილი, რომ ამაზეც რაღაც სისულელე არ მოიგონონ და თავის ძველ ვერსიას არ „მიაწვნენ“. ვეტოს დაეთანხმებიან თუ თვითონვე გააუქმებენ ამ კანონს, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. რომელი ვერსიითაც უნდათ, იმით წავიდნენ. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის და თუ „ოცნება“ ამ შესაძლებლობაზე უარს იტყვის და დააკარგვინებს ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ უნდა გვითხრან, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს. ვინ ეტყვის მოქალაქეებს, რომ თქვენ ამ უზარმაზარ შესაძლებლობაზე უარი გათქმევინეთ?“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო