„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, პარტიული შემოწირულებების სახით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 447 030 ლარი, „ლელომ“ - 445 500 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 170 720 ლარი

2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, „ქართულ ოცნებას“ 23-მა დონორმა ჯამში 447 030 ლარი შეწირა, რაც წინა კვარტალთან შედარებით (10 მლნ) 20-ჯერ ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარტიის შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებდნენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შპს „ცეკურის“ და „ბონდი-2009” მეწილეები, აგრეთვე შემომწირველები, რომლებთან დაკავშირებული კომპანიებიც მსხვილ სუბსიდიებს იღებენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით.

„2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 1 224 111 ლარის შემოწირულება მიიღო, რაც წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე რვაჯერ ნაკლებია (10 163 787ლარი).

პარტიული შემოწირულებების 37% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 447 030 ლარი, მეორე ადგილზეა „ლელო“ 445 500 ლარით, ხოლო მესამეზე — „ნაციონალური მოძრაობა“ 170,720 ლარით.

საანგარიშო პერიოდში 12 800 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო ახალდაარსებულმა ღიად პრორუსულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, რომლის თამჯდომარეც „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილია. შემომწირველთა რაოდენობის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 45-ჯერ შეწირეს თანხა, 35 შემოწირულება მიიღო „ლეიბორისტურმა პარტიამ“, ხოლო 31 – პარტიამ „ხალხისთვის“. „ქართულმა ოცნებას“ სულ 23-ჯერ შეწირეს თანხა, თუმცა მის შემომწირველებში მსხვილი დონორების წილი სხვა პარტიებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო. 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით „ქართულ ოცნებას“ 23-მა დონორმა ჯამში 447,030 ლარი შეწირა, ამ პირებს სულ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1.4 მილიონი ლარი აქვთ შეწირული. დონორებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ ბოლო 6 თვის მანძილზე 81 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო (სულ ამ კომპანიებს 2013 წლიდან 700 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული).

სერგო ხაბულიანი, პარლამენტის ყოფილი წევრია, იგი „ნაციონალური მოძრაობიდან” ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა „ნაციონალური მოძრაობა” და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო. 2018 წლიდან სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ ლელა მეშველიანმა, შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და მისმა კომპანია „ცეკურმა” „ქართული ოცნებას“ 438,000 ლარი შეწირეს. შპს „ცეკურმა“ მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან 65 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი მოიგო, 2013 წლიდან ამ კომპანიას 280 მილიონ ლარამდე ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული.

წლებია რაც კომპანია „ბონდი-2009“ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებში იმარჯვებს, ხოლო მისი მეწილეები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან. ამჯერად მმართველი პარტიის ყულაბა 77,000 ლარით დავით დევაძემ და ოთარ ფუტკარაძემ შეავსო, მათ სულ „ქართული ოცნებისთვის“ 237,000 ლარი აქვთ შეწირული. გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებული ხუთი კომპანიას 2017-2023 წლებში სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში ჰქონდა სუბსიდიები მიღებული.

გარდა აგროპროგრამებისა, 2022 და 2023 წლების რთველის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „შატო მუკუზანს“ მიღებული აქვს 593,972 ლარი, ხოლო ბაკურ მიტიჩაშვილის საკუთრებაში არსებულ შპს „შატო ხვანჭკარას“ — 121,281 ლარი“,- ნათქვამია ინორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო