ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ს ხელს არც აქამდე უშლიდა არაფერი, საქართველოსთან იმ პაკეტების რეალიზაცია მოეხდინა, რაზეც ამ წერილშია საუბარი - დღეს ამ თემაზე შანტაჟის ენით საუბარი მცდელობაა, ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას შეეწყოს ხელი

აშშ-ს ხელს არც აქამდე უშლიდა არაფერი, რომ მოეხდინა საქართველოსთან იმ პაკეტების რეალიზაცია, რაზეც ამ წერილშია საუბარი - დღეს ამ თემაზე საუბარი თან ცოტა არ იყოს და შანტაჟის ენით, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ მცდელობაა იმისა, რომ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას შეეწყოს ხელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, საქართველო ამერიკასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობაში ღიაა და იმავეს ითხოვენ საპირისპიროდაც.

„საქართველოს არამც და არამც არ შეუცვლია თავისი სტრატეგიული მიმართულებები არც ქვეყნის შიგნით დემოკრატიის მიმართულებით და არც ქვეყნის გარეთ მისი საგარეო პოლიტიკური თუ სხვა სტრატეგიული ორიენტაციების კუთხით. პირიქით, აშშ-ს ხელს არც აქამდე უშლიდა არაფერი, რომ მოეხდინა საქართველოსთან იმ პაკეტების რეალიზაცია, რაზეც ამ წერილშია საუბარი. საქართველო დიდი ხანია ითხოვდა როგორც უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას, ასევე, სავაჭრო მიმართულებით თავისუფალ ვაჭრობას, სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ა.შ. დღეს ამ თემაზე საუბარი თან ცოტა არ იყოს და შანტაჟის ენით, ჩემი აზრით კიდევ ერთხელ მცდელობაა იმისა, რომ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას შეეწყოს ხელი.

თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, სტრატეგიული იქნება თუ ევროკავშირის მიმართულებით, უნდათ საქართველოსთან მეტი ურთიერთობაში, ეს ძირითადად დამოკიდებულია სწორედ იმ აღქმების უგულებელყოფაზე, რომელსაც რადიკალური პარტიები, რადიკალური „ენჯეოები“ და მათი ლობისტები ამკვიდრებენ. რაც შეეხება არჩევნებს, თუ არ იქნება ხელოვნურად შემოტანილი რადიკალიზმი, დაპირისპირება, არეულობების მცდელობა, არჩევნები ჩაივლის რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიან გარემოში, შეიძლება დაძაბულ პოლიტიკურ ბრძოლაში, მაგრამ ეს იქნება სამართლიანი არჩევნები. ჩვენ ვართ ღია, არაფერს ზურგს უკან არ ვთამაშობთ, არც ამერიკის, არც ევროპის მიმართულებით. ვითხოვთ, რომ მათი დამოკიდებულებაც საქართველოს მიმართ იყოს ასეთივე ღია და ნათელი. რა თქმა უნდა, აქ ოპოზიცია შეეცდება, რომ ეს ერთი კონგრესმენის განცხადება, სურვილი, ინიციატივა გაასაღოს, როგორც შემდგარი ფაქტი, თითქოს საქართველოსთვის ეს შემდგარი მოცემულობაა”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამ თემაზე საუბრისას, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანას შანტაჟის ქვეშ ამყოფებენ.

„გვესმის რა შანტაჟის ქვეშ გვამყოფებენ ახლა როგორც ქვეყანას?! აქ არ არის საუბარი მხოლოდ მმართველ პარტიაზე. ქვეყანას ეუბნებიან, რომ შენ თუ ოდნავ შენი სუვერენიტეტისთვის საჭირო რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებ, რომელიც ჩემს ინტერესებში არ იქნება, მაშინ დაგასანქცირებ და ათასგვარ უბედურებას მოგივლენ. ვენდეტა იქნება ასეთი, რომ ოჯახის წევრებზეც კი გამოგყვებით. ჩვენ თუ არ გავაცნობიერეთ, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, ხალხის და საზოგადოების მიმართ, პოლიტიკოსების მიმართ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო შედის ნეოკოლონიალიზმის გაფორმების ხანაში”,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება. ამასთან, Politico-ს ცნობით, კანონპროექტის პირობების მიხედვით, რომელსაც „რესპუბლიკელი" ჯო უილსონი, კონგრესს წარუდგენს, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება.

გარდა ამისა, როგორც politico-ს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო