მსოფლიო ბანკმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 35 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვისელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE Program) პირველი ფაზის დასაფინანსებლად 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა.

მსოფლიო ბანკის ცნობით, ESPIRE პროგრამა ჯამში სამი ფაზისგან შედგება 500 მლნ. აშშ დოლარის პოტენციური დაფინანსების პაკეტით, რომლის დანიშნულებაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებისთვის საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემის გაძლიერება და პირდაპირი ელექტროკავშირის დამყარება სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის. ამასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებული პარალელური ციფრული კავშირი შეამცირებს ინტერნეტის ხარჯებს, გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას და ზოგადად გააძლიერებს საერთაშორისო ციფრული კავშირების დამყარების შესაძლებლობას შავი ზღვის გასწვრივ.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ESPIRE პროგრამა შექმნილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადების მომდევნო ეტაპების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას, დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში.

როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა აღნიშნა, ESPIRE პროგრამას წამყვანი როლის შესრულება შეუძლია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და ამბიციური ენერგეტიკული და ციფრული კავშირის ინიციატივის განხორციელებაში.

“შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს აქვს პოტენციალი, გახდეს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმაციული დამაკავშირებელი, რომელიც შავი ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნებს დაეხმარება ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებაში, ენერგომომარაგების დეკარბონიზაციასა და განახლებადი ენერგიის განვითარებაში, ისევე როგორც პირდაპირი ციფრული კავშირების ზრდაში”,- აღნიშნა როლანდ პრაისმა.

ამასთან, განმარტავენ, რომ ESPIRE პროგრამის პირველი ფაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მიზნად ისახავს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტისთვის შესაფერისი დერეფნის იდენტიფიცირებასა და შემდგომი მოსამზადებელი სამუშაოების მხარდაჭერას, როგორიცაა შავი ზღვის ფსკერის კვლევა, გეოფიზიკური და გეოტექნიკური გამოკვლევების ჩათვლით.

„BSSC პროექტის განხორციელების მზაობის ასამაღლებლად, პირველი ფაზა ასევე მოიცავს შესაძლებლობების განვითარებასა და ტექნიკურ დახმარებას მთავრობათაშორისი კოორდინაციისთვის ადეკვატური ინსტიტუციური მექანიზმების შესაქმნელად, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად შეთანხმებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

თუკი საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები საბოლოოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ESPIRE პროგრამის პირველი ფაზის პარალელურად დაიწყება პროგრამის მე-2 ფაზის დაფინანსება, რომელიც ეხება მიწისზედა გადამცემი ქსელის გაძლიერებას საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში, რაც გადამწყვეტი იქნება ელექტროენერგიის გაცვლისთვის წყალქვეშა კაბელის სისტემის მეშვეობით. პროგრამის მე-3 ფაზა კი თავად წყალქვეშა კაბელის მშენებლობას დააფინანსებს, სხვა დამფინანსებლებთან ერთად. ხოლო Შავი ზღვის ფსკერის იმავე დერეფანში გათვალისწინებული პარალელური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან კერძო ინვესტიციებსაც მოიზიდავს“,- აღნიშნავენ მსოფლიო ბანკში.

როგორც საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არის საქართველოს მიერ ინიცირებული ფლაგმანი პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფს. პროექტის შემდგომი განვითარების კუთხით ფუნდამენტურია დაფინანსების პირველი ფაზა, რომელიც დღეს მსოფლიო ბანკმა დამტკიცდა.

„პროექტის განხორციელება ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ზრდას გულისხმობს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით საქართველო ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ქვეყანა გახდება, ეს კი ხელს შეუწყობს ევროკავშირის, საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიების სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ამ რეგიონებს შორის“,-აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ESPIRE პროგრამის პირველი ეტაპი ხელს შეუწყობს იმ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას, და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მოსამზადებელ სამუშაოების განხორციელებას.

"ჩვენ გვჯერა, რომ პროექტი გააძლიერებს საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი ქვეყნის როლს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციასა და რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. პროექტი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, განვითარებას და კავშირებს მთელს რეგიონში“,- აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ESPIRE MPA პროგრამა მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური გამოწვევის პროგრამების ნაწილია “ენერგეტიკის გარდაქმნის, ეფექტიანობის და წვდომის” და “დიგიტალიზაციის დაჩქარების” შესახებ. პროგრამა ასევე შესაბამისობაშია საქართველოსთან მსოფლიო ბანკის პარტნიორობის 2025-2029 წლების ჩარჩო-დოკუმენტთან, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე, და ასევე, კავშირებისა და ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024