მეუფე შიო - დღეს წმინდა ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის, ღირსი შიო მღვიმელის და წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას - შეგვეწიოს ეს დიდი წმინდანები, რომელთა მთელი ცხოვრება იყო სწრაფვა ღვთისა და სულიერი სრულყოფისკენ

დღეს წმინდა ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის, ღირსი შიო მღვიმელის და წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას - შეგვეწიოს ეს დიდი წმინდანები, რომელთა მთელი ცხოვრება იყო სწრაფვა ღვთისა და სულიერი სრულყოფისკენ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)ნიკოლოზობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტმა მორწმუნეებს დღევანდელი დღე მიულოცა.

„დღეს წმინდა ეკლესია საზეიმოდ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის ხსენებას, ასევე - ღირსი შიო მღვიმელის და წმინდა წინასწარმეტყველ ისაიას ხსენებას.

გილოცავთ ამ დღეს, შეგვეწიოს ეს დიდი წმინდანები, რომელთა მთელი ცხოვრება იყო სწრაფვა ღვთისა და სულიერი სრულყოფისკენ. ამ გზაზე მათ მიაღწიეს ღვაწლის სრულყოფილებას და აღემატნენ ადამიანურ საზომს. ამისთვის ეკლესია მათ განსაკუთრებით ადიდებს და უგალობს.

წმინდა ეკლესია წმინდა ნიკოლოზ მღვდელმთავარზე ამბობს, რომ იგი იყო „სარწმუნოების კანონი“, როგორც მის ტროპარშია ნათქვამი: „კანონად სარწმუნოებისა, ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა“. ეს ნიშნავს, რომ იგი იყო უფლის მცნებების დაცვის მაგალითი, მაგრამ ამ მცნებებს შორის იგი განსაკუთრებული გულმხურვალებითა და რწმენის ძალით ასრულებდა მცნებას სიყვარულის შესახებ, ღმერთისა და ადამიანის სიყვარულის შესახებ. ამით იგი სამაგალითოა ყოველი ჩვენგანისთვის.

ვისაც არ უნდა შეხვედროდა თავის ცხოვრებაში წმინდა ნიკოლოზი, ყველა ადამიანში ხედავდა სიკეთეს, ყველა ადამიანს ეხმარებოდა, რომ საკუთარ თავში ეს სიკეთე გაეხსნა და ქმედითი გაეხადა.

მას სწამდა, იცოდა და ჩვენც გვასწავლის, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღვთის ხატება უბრალოდ მოცემული კი არ არის ადამიანისთვის, არამედ ეს არის ადამიანის ბუნების საფუძველი, რომელსაც ვერანაირი ცოდვა ვერ წაშლის და ადამიანის ბუნება - ეს არ არის რაღაც სიცარიელე ან არარაობა, არამედ საკუთარ თავში მოიცავს ღმერთის შვილობას, როგორც საფუძველს.

წმინდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებული ყველა სიკეთე, რითაც მან ასეთი საუკუნო დიდება მოიპოვა, მიზნად ისახავდა, ადამიანებში ჩაენერგა ეს რწმენა სიკეთისა, ზუსტად იმ სიკეთისა, რომელზეც მოგახსენეთ და რაც არის ჩვენი ბუნების საფუძველი. სწორედ ამიტომ არის იგი ყოველი ჩვენგანისთვის ასე ახლოს. ამ სიკეთით, ამ რწმენით ღვთისა და ადამიანისადმი იყო გაბრწყინებული, მთელი მისი ცხოვრება. ამ რწმენით მან მიაღწია სულიერ სრულყოფილებას და, შეიძლება ითქვას, მიაღწია ზეციური საკურთხევლის სიმაღლეს.

დღეს წმინდა ისაია წინასწარმეტყველის ხსენებაა და მსგავსად იმ სერაფიმისა, რომელიც წმინდა ისაიას ხილვაში ზეციური საკურთხევლიდან მარწუხით იღებს ანთებულ ნაკვერჩხალს, წმინდა ნიკოლოზიც იღებს ზეციური საკურთხევლიდან ამ ანთებულ ნაკვერჩხალს იმისთვის, რომ შეახოს ადამიანთა გულებს ეს ზეციური ცეცხლი და დაანთოს ადამიანთა გულებში რწმენა და სიყვარული ღვთისა, სიყვარული ადამიანისა და რწმენა ადამიანის იმ სიკეთისა, რომელიც, ვიმეორებ, ჩვენს ბუნებაში ჩადებული და ღვთისგან ბოძებულია.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს.

წმინდა ნიკოლოზის ხსენებას როცა აღვნიშნავთ, ყოველთვის განსაკუთრებული სიხარული გვეუფლება. დღესაც ეს გრძნობა გვაქვს. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა თქვენთან ერთად მსახურება სენაკში, დღეს ჩხოროწყუელებიც მრავლად არიან აქ და მინდა, მადლობა გითხრათ იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, თქვენი ლოცვებისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობ.

წმინდა ნიკოლოზს ვევედროთ დღეს, ამ სიხარულით, ამ მოწიწებით, ამ მოკრძალებით შევთხოვოთ მას ლოცვები და ვუთხრათ: „წმინდაო, დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის“.

მისი ლოცვით, ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, მშვიდობა ჩვენს ეპარქიას და ყოველ თქვენგანს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ”, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს