ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე იენის უნივერსიტეტის პროფესორს თსუ-ის საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა, ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა - დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში“ გახსნა, რომელშიც თსუ მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან მონაწილეობენ.

მათივე ცნობით, თანამედროვე მიღწევებსა და საერთაშორისო ტენდენციებზე ტრანსლაციურ ბიომედიცინაში დიგიტალიზაციასა და ხელოვნურ ინტელექტზე გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მედიკოსები თსუ-ში ორი დღის განმავლობაში ისაუბრებენ. აუდიტორიას გააცნობენ უახლეს ინფორმაციას სამედიცინო ვიზუალიზაციასა და კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე, დიგიტალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის როლზე ქირურგიასა და ტრანსპლანტაციაში, ინოვაციებზე სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში დიგიტალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

თსუ რექტორის, ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის, როგორც საქართველოში სამედიცინო განათლების კერის მისიაა სამედიცინო დარგის პროფესიონალებისა და მკვლევრების აღზრდა, ასევე, საერთაშორისო ჯანდაცვისა და სამედიცინო-სამეცნიერო აზრის განვითარებაში მონაწილეობის მიღება.

„ბიო-სამედიცინო მიმართულების სამეცნიერო კვლევების განვითარება საჭიროებს ინფორმაციის პერმანენტულ განახლებას, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია ინტერნაციონალიზაციის ხარისხის, განსაკუთრებით კი სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაზრდა“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მათივე განმარტებით, ღონისძიებაზე იენის უნივერსიტეტის პროფესორს, ინგო რუნებაუმს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი გადაეცა. პროფესორი ინგო რუნებაუმი 2022 წლიდან არის თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრი.

მისი ინიციატივით განხორციელდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მეცნიერ-თანამშრომლების სტაჟირება იენის საუნივერსიტეტო კლინიკის გინეკოლოგიისა და პათოლოგიის დეპარტამენტებში. მისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს იენის ქალთა საავადმყოფოში თანამედროვე და ინოვაციური სერვისების დანერგვა, უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრება და საუკეთესო ინდივიდუალური გადაწყვეტილებების პოვნა, რომლებიც აუმჯობესებენ პაციენტების ცხოვრებას.

„მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობს 20-მდე მომხსენებელი მსოფლიოს 12 ქვეყნიდან, მათგან უმრავლესობა თსუ მედიცინის ფაკულტეტზე შექმნილი მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრები არიან, მათი საქმიანობა ხელს უწყობს საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას“, - აღნიშნა თსუ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა დიმიტრი კორძაიამ.

„თსუ მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრები მონაწილეობენ თსუ მედიცინის ფაკულტეტზე სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) რეკომენდაციების შესაბამისი თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების იმპლემენტაციაში, თსუ მედიცინის ფაკულტეტზე საერთაშორისო კვლევითი პროექტების განხორციელებაში სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით, თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების გაცვლით პროგრამებსა და ტრენინგებში ჩართვაში, ასევე, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობაში - საზღვარგარეთის საუნივერსიტეტო კლინიკებში; თსუ მედიცინის ფაკულტეტთან ერთობლივი სადოქტორო პროგრამების (მათ შორის კოტუტელის პრინციპით) განხორციელებაში; თსუ მედიცინის ფაკულტეტზე ლექციებისა და საგანმანათლებლო კურსების ჩატარებაში;

კონფერენციის გახსნას თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებითა და თოდუას კლინიკის მხარდაჭერით იმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024