საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით, აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი სალომე მახარაძე, ქალაქ ზესტაფონისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების საჯარო და კერძო სკოლების აბიტურიენტებს, ასევე, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეხვდა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა გააცნო, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამად არის აღიარებული.

როგორც სალომე მახარაძე აღნიშნავს, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, დარგის პოპულარიზაციისა და ციფრული ტელეკომუნიკაციის ინჟინერიით ახალგაზრდა თაობის დაინტერესების მიზნით, ღია კარის ფორმატში, რეგულარულ შეხვედრებს ატარებს სამიზნე ჯგუფებთან - როგორც დედაქალაქის, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან.

მისი თქმით, ქალაქ ზესტაფონისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ინტერესით გაეცნენ ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა და უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციას, ასევე, დასაქმების იმ პერსპექტივებს, რაც ციფრული ტელეკომუნიკაციის ინჟინრის მოთხოვნადი პროფესიის დაუფლების შედეგად არის მოსალოდნელი.

„მოზარდები აქედანვე უნდა იყვნენ ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ შრომის ბაზარზე ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ძალიან მოთხოვნადია და ამ პროფესიის მქონე ახალგაზრდა აუცილებლად მოიძიებს მაღალანაზღაურებად სამსახურს. სწორედ სკოლის მოსწავლეებს უნდა ვესაუბროთ და განვუმარტოთ, თუ რა პერსპექტივები აქვს ამ დარგს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო სივრცეში. არაერთი საინტერესო შეხვედრა შედგა ზესტაფონის N1, N3, N7 საჯარო სკოლების და კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, პედაგოგებთან, დირექტორებთან. ღია კარის ფორმატში შევხვდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: კლდეეთის, ცხრაწყაროს, კვალითის, I და II სვირის, საზანოს, საქარის, ბოსლევის, დილიკაურის, შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც ციფრული სატელეკომუნიკაციო დარგის მნიშვნელობაზე ვესაუბრე, წარვუდგინე ვიზუალური პრეზენტაცია ჩვენი საბაკალავრო პროგრამის შესახებ, დავურიგე ვრცელი საინფორმაციო ფურცელები და ბუკლეტები. მოსწავლეებს გავუზიარე ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის შესაძლებლობების შესახებ, გავაცანი სასწავლო გარემო, ინფრასტრუქტურა, ვისაუბრეთ სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებსა და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაზე, სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებაზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე; რაც მთავარია, განვიხილეთ კარიერული განვითარების შესაძლებლობები და დასაქმების ის პერსპექტივები, რისი მოლოდინიც უნდა ჰქონდეთ ჩვენი უნივერსიტეტის მიერ მომზადებულ ახალგაზრდა პროფესიონალ კადრებს ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროგრამის დასრულების შემდეგ. სასიხარულოა, რომ შეხვედრებმა თბილ გარემოში, ინტერაქციურ რეჟიმში ჩაიარა და მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია“, - აღნიშნავს სტუ-ის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი სალომე მახარაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო შეხვედრები თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან მიმდინარე წლის 15 ივლისამდე გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო