„ამერიკის ხმა“ - აშშ-ის სენატში "ქართველი ხალხის აქტს" წარადგენენ, რომელიც სანქციების გარდა საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის შეფასებას, ასევე 50 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატში, სენატორები "ქართველი ხალხის აქტს" წარადგენენ. ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

კერძოდ, გამოცემის თანახმად, ინიციატორები სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ჯიმ რიში არიან.

“ამერიკის ხმისთვის” გაზიარებული ინფორმაციით, სენატში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელსაც “ქართველი ხალხის აქტი” ეწოდება და ქმნის ჩარჩოს, რათა ქართველმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის დაწინაურებასა, ან მისი მიღების ხელშეწყობაზე პასუხი აგონ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს.

“ამერიკის ხმისთვის” მიწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა ორ ნაწილს მოიცავს.

"მათ შორის, პირველი:

განმარტავს შედეგებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლაზე, მათ შორის:

სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას, ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდეს, უცხოური აგენტების კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის.

ახალი სანქციების დაწესებას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა ან ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაში და სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას, არსებული სანქციების ჩარჩო გავრცელდეს ქართველი ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე.

სთხოვს სახელმწიფო დეპარტამენტს, საქართველოს მიმართ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, მათ შორის სამხედრო დახმარების გადახედვას და შეერთებული შტატების მთავრობის ყველა დაფინანსების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც მატერიალურ დახმარებას მოიცავს.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერების მოწოდებას",- ნათქვამია სენატორების მიერ კანონპროექტის სულსიკვეთების განმარტებით წერილში, რომელიც “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

სენატორების განცხადების მიხედვით, კანონპროექტის მეორე ნაწილი მოიცავს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის შეფასებას.

“მეორე ნაწილი:

ხაზს უსვამს აშშ-ს სენატის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.

გამოჰყოფს არანაკლებ 50 მილიონ აშშ დოლარს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად.

ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განსაზღვროს, თუ როგორ გააგრძელოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით.

მოითხოვს ორი ანგარიშის შედგენას, რათა შეფასდეს უცხოური მავნე გავლენის მასშტაბი საქართველოში და ძალისხმევა ქართველი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად".

კანონპროექტის ინიცირება სენატში ამ კვირაში მოხდება. მასზე საუბრისას, სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი ნიუ-ჰემფშირიდან) და სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი აიდაჰოდან) განაცხადეს, რომ კანონპროექტის მიზანი იმ პირების დასჯაა, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე არიან პასუხისმგებელი და ამავდროულად, ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა.

„როგორც საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდი ხნის მხარდამჭერი, ღრმად შეშფოთებული და იმედგაცრუებული ვარ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით და ქვეყანაში პოლიტიკური მიმართულების სწრაფი ცვლილებებით, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილებს“, - აღნიშნა შაჰინმა.

„კანონმდებლობა, რომელსაც მე და სენატორი რიში წარვადგენთ, აწესებს სერიოზულ ზომებს საქართველოში იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ პოლიტიკის ცვლილებაზე და გადახედავს აშშ-ის დახმარებას ქვეყნისთვის, ის ასევე ნათლად უსვამს ხაზს ჩვენს ურყევ ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიისკენ მიმართული ძალისხმევის მიმართ”, - დასძინა მან.

სენატორი რიში აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონი, ქვეყანას რუსეთისკენ შეაბრუნებს.

„შეერთებული შტატები დიდი ხანია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს. თუმცა, მე ძალიან შეშფოთებული ვარ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შემზარავი ეფექტით საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებაზე. თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს უარი თქვას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაზე, ის არ უნდა მოელოდეს ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელებას“, - განაცხადა რიშმა. „ცხადია, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა და უცხოური აგენტების კანონის გატანა საქართველოს რუსეთისკენ შეაბრუნებს", - ამბობს სენატორი რიში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024